სამართალდამცავებმა ზეღდულეთელებს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის უფლება არ მისცეს. ადგილობრივები გზის გადაკეტვას ერთ საათზე მეტხანს ცდილობდნენ, თუმცა საპატრულო პოლიციის ათეულობით ეკიპაჟმა მათ ამის საშუალება არ მისცა. გარდაცვლილი 55 წლის ლეილა მანძულაშვილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ქალბატონი განძრახ არის მოკლული და თუ აღნიშნული შემთხვევის ობიექტური გამოძიება არ მოხდება, ისინი მრავალრიცხოვან აქციებს ყოველდღიურად გამართავენ. გარდაცვლილის ნათესავების თქმით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ოჯახის წევრები და თანასოფლელები გამოძიების ამ ვერსიას ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ 55 წლის ქალბატონს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ნაწამები იყო.
" ოცი დღე გვითხრეს პოლიციელებმა თავიდან გამოძიების ვადა, თუმცა დღემდე ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის. რას ნიშნავს ეს? უსამართლობაა ეს რა ხელისუფლებაა? თუ არ მოხდება ობიექტური გამოძიება არ გავჩერდებით",- ამბობს გარდაცვლილის შვილი ზურაბ მანძულაშვილი.
ზეღდულეთში ლეილა მანძულაშვილის გარდაცვალების საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით აქცია პოლიციის შენობასთან დაიწყო, აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობაში შეჭრა სცადეს რაც სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. აქციის მონაწილეებს გორის პოლიციის უფროსი დავით ბუხრაძე შეხვდა რომელმაც მათ დამშვიდებისაკენ მოუწოდა თუმცა ადგილობრივები პოლიციის უფროსის მოწოდებას არ დაემორჩილნენ.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი
მასალის გამოყენების პირობები






