პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საგამოძიებო უწყება ემზარ მაისურაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნას ედავება.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით პირის დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, დაკავებულია შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ყოფილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ემზარ მაისურაძე. ასევე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებელს გელა ნაროუშვილს და მოქალაქე ოთარ მოვსესიანს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის მარტში ემზარ მაისურაძემ და გელა ნაროუშვილმა, ოთარ მოვსესიანისა და სხვა პირების დახმარებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ხელის შეშლის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირთა დაშინების მიზნით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი აქტიური წევრი, სერგო ჩაჩიბაია, ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უფლებამოსილების გადამეტებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაციის ინსცენირების შედეგად, უკანონონოდ დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით ე.მაისურაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განზრახ დააზიანა სამსახურებრივი ქურთუკი და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანის სავარძელი, რაც შემდეგში სერგო ჩაჩიბაიას მიერ, თითქოსდა პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. სერგო ჩაჩიბაია მიეცა პასუხისგებაში სსკ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






