რუსეთის შემადგენლობაში ალასკის დაბრუნების პეტიციამ, ოთხი დღის მანძილზე, 20 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. პეტიციის თეთრი სახლის საიტზე განმთვსებელმა, ინიციალებით S.V., თავი წარადგინა როგორც ქალაქ ანკორუჯის მაცხოვრებელმა.
როგორც რუსული მედია იტყობინება, პეტიციის ავტორი ვოლგოგრადელი აქტივისტი სერგეი ვოროპაევია.
თუ დოკუმენტი ერთი თვის განმავლობაში (20 აპრილამდე) 100 ათასზე მეტ ხელმოწერას მოაგროვებს, მაშინ ვაშინგტონის ადმინისტრაცია, კანონის თანახმად, განიხილავს და არსებით პასუხს გასცემს.
1867 წლის 30 მარტს, ვაშინგტონში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის თანახმადაც 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია, 7,2 მილიონ დოლარად ოქროთი, მიყიდეს აშშ-ს. 1959 წლიდან, ალასკა აშშ-ის შტატს წარმოადგენს.
დღეს, რუსების ნაწილს, ალექსანდრე II-ის გადაწყვეტილება არაშორსმჭვრეტელურად მიაჩნია. სხვები კი თვლიან, რომ რუსეთს არ გააჩნდა რესურსი იმისათვის, რომ უკიდეგანო ციმბირთან და შორეულ აღმოსავლეთთან ერთად ალასკაც აეთვისებინა. მისი რუსული მოსახლეობა, მიყიდვის დროს, დაახლოებით 300 კაცს შეადგენდა.
აშშ-ი ალასკის ყიდვა თანამედროვეებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ აღუქვამთ. კონგრესმენები და ჟურნალისტები სახელმწიფო მდივან უილიამ სუარდას ეხუმრებოდნენ, რომ მან „რუსებისაგან ყინულის დიდი ნაჭერი იყიდა“.მოამაზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






