ამ წუთებში ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ხარშილაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ციხეში ხარშილაძესთან ერთად, მისი მეორე ადვოკატი ბექა ბასილაია იმყოფება.
გაბაიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესმა გადაიწია და 28 აპრილისთვის არის ჩანიშნული.
„კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას საქმის ფაბრიკაციის გამო დააკავეს“ - ასეთი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსის დაკავებას. მაშინ ბევრი ითქვა და შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ პროკურატურა ხარშილაძეზე ზეწოლას ახორციელებდა და მისგან ჟვანიას იარაღით მოკვლის ჩვენებას ითხოვდა.
თუმცა, დაახლოებით 2 კვირის წინ გაბაიძემ ეს ვერსია უარყო და „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ ჟვანიას საქმეზე ხარშილაძე არც დაკითხულა და არც დაიკითხება.
რაც შეეხება საქმის ფაბრიკაციას და პროკურატურის მხრიდან ზეწოლებს ჟვანიას მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად, ამას ადვოკატმა სრული სისულელე უწოდა.
კობა ხარშილაძე ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალდებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და თანხების გაფლანგვაში.
მასალის გამოყენების პირობები






