ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს უნივერსიტეტის შენობის პრივატიზების საკითხს სწავლობს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.
"ამ შემთხვევაში საქმე ეხება უნივერსიტეტის შენობის პრივატიზების საკითხს და სწორედ ამ საკითხის დოკუმენტაციის შესწავლა ხდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. ამას არანაირი კავშირი სწავლის პროცესთან არ აქვს, ჩვენ სასწავლო პროცესს ხელს არ ვუშლით. ჩვენ მხოლოდ ამ საკითხის დოკუმენტაციას ვსწავლობთ,“ - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
გიული ალასანიას ინფორმაციით, “იუ ჯი სკოლისთვის” შენობა უნივერსიტეტს იჯარით ჰქონდა აღებული, თუმცა შესაბამისი ინვესტიციების განხორციელების შემდეგ შენობა მათ საკუთრებაში გადაეცემოდათ.
"ნოემბერში გავუგზავნეთ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს წერილი, განვახორციელოთ თუ არა ინვესტიცია. თუ სხვა აზრი ჰქონდათ ამ შენობაზე ეს მათი გადასაწყვეტი იყო.
გვითხრეს, რომ გაქვთ თქვენ დრო დამატებით ექვსი თვე, რომელიც ჯარიმასაც ითვალისწინებდა. ჩვენ ვისარგებლეთ ამით, გავაკეთეთ ყველაფერი, სახელმწიფოს ამ ექვსთვიანი დაგვიანების ჯარიმაც, 160 ათასი ლარიც გადავუხადეთ", – განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ.
უნივერსიტეტის დამფუძნებელმა გიული ალასანიამ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი მათთან მისულ წერილში არ ჩანს. "ჩვენ პირობები გადაჭარბებით შევასრულეთ, რის გამოც აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ეს დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და შენობა გადმოგვცეს", – განაცხადა გიული ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






