ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც საიას განცხადებაშია ნათქვამი, ღარიბაშვილის მიერ აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული ორი განცხადება ერთმანეთთან შეუსაბამობაშია.
პირველი, ეს არის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება სადაც ის ამბობს, რომ „ჟვანიას სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა“.
მეორე, განცხადებაში კი საუბარი გვამების ექსჰუმაციის აუცილებლობაზე.
„ჩნდება კითხვა: თუ თავად გამოძიება თვლის, რომ საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გვამების ექსჰუმაციაა აუცილებელი, ანუ ამ ეტაპამდე არ არსებობს სათანადოდ კომპეტენტური პასუხები გამოძიების წინაშე დასმულ კითხვებზე, საინტერესოა რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომ ,,ეს იყო სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები"? ვინ მიაწოდა მას ეს ინფორმაცია? და თუ ეს ინფორმაცია, გამოძიების ოფიციალური ვერსიაა, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე რატომ არ გააკეთა თავად გამოძიებამ?“,- ნათქვამია საიას განცხადებაში.
საიას განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ასევე არ არის გათვალისწინებული პრემიერ-მინისტრისათვის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ამიტომ, ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია მოითხოვს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე მიეწოდა პრემიერ-მინისტრს ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.
საია დადებითად აფასებს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ ,,საზოგადოებრივი ინტერესი არის არა მძიმე კადრების ნახვაში, არამედ გამოძიების დასრულებაში" და მოუწოდებს პროკურატურას გამოიყენოს ყველა ძალისხმევა, რომ აღნიშნული საქმე დროულად, ეფექტურად და მაღალ პროფესიულ დონეზე იქნეს გამოძიებული.
მასალის გამოყენების პირობები






