უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა ყირიმის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, ყველა მძევლის გასათავისუფლებლად და ნახევარკუნძულზე პროვოკაციების შესაწყვეტად, სამი საათი მისცა.
როგორც უმაღლესი რადას თავმჯდომარის პრეს-მდივანმა „უნიანს“ შეატყობინა, ტურჩინოვის თქმით, დღეს რუსეთის შეიარაღებული ჯარების მომდევნო პროვოკაციისას, მძევლად აიყვანეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური კონტრ-ადმირალი სერგეი გაიდუკი.
„რუსი სამხედროები ცინიკურად უარყოფენ მოლაპარაკებების გამართვას პროვოკაციების შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ“, - თქვა ტურჩინოვმა.
„თუ 21:00 (უკრაინის დროით) საათამდე არ შეწყდება ყველა პროვოკაცია უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ხოლო ადმირალ გაიდუკსა და ყველა დანარჩენ მძევალს, როგორც სამხედროს, ისე სამოქალაქოს, არ გაათავისუფლებენ, ხელისუფლება მიიღებს ადექვატურ ზომებს. მათ შორის ტექნიკური და ტექნოლოგიური ხასიათის“, - განმარტა ტურჩინოვმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






