სევასტოპოლში ოთხშაბათ დილას უკრაინის სამხედრო-საზღვაო შტაბი შტურმით აიღეს. რუსეთის მომხრე მომიტინგეებმა ნაწილის ღობე ჩაჭრეს და ტერიტორიაზე შეცვივდნენ.
ნაწილის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო, სამხედროები მომიტინგეების წინ ცოცხალი ჯაჭვით დადგნენ. მათი რიგები აქტივისტებმა მანქანებით გაარღვიეს და შტაბის ტერიტორიაზე გაიშალნენ, იუწყება „ინტერფაქსი“.
ხალხს სურს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილი დატოვონ, მიდის კამათი და შეხლა-შემოხლა. გამოძახებულია „სასწრაფო დახმარება“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მედია-ცენტრის მეთაურმა, ვლადისლავ სელეზნიოვმა განაცხადა, რომ მოქალაქეთა ნაკადს წინ ქალები მოუძღოდნენ, უკან კი მამაკაცები მოექცნენ. „ბუნებრივია, ჩვენი უკრაინელი ოფიცრები ქალების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდნენ“, - ხაზი გაუსვა სელეზნიოვმა.
მან დასძინა, რომ შეიარაღებული პირები არ არიან, „ყველგან ცდილობენ ჩვენი სამხედროები გადაიბირონ რუსეთის შავი ზღვის ფლოტისაკენ, ან გამოუშვან ნახევარკუნძულიდან“.
ხალხმა უკრაინული დროშები ჩამოხსნა და რუსეთის ჰიმნის ფონზე რუსული აღმართეს.
მომაზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






