თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავას წინა სასამართლო პროცესი 2 აპრილისთვის გადაიდო. დღეს სასამართლოს თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება მტკიცებულებათა დაშვების საკითხზე. თუმცა მოსამართლემ ამისათვის დრო ითხოვა.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი საბანაძის გამოკითხვის ოქმების ბათილად ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარის განმარტებით, ორივე მათგანი ძებნილია და ოქმები არაკანონიერია.
"ზურაბ ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი ეჭვქვეშ დგება, რადგან გარდა პირადი ნომრისა, მასზე არ არის დატანილი არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. ზურაბ ადეიშვილი არის წითელი ცირკულარით ძებნაში და ამის ნახვა ინტერპოლის საიტზეც შესაძლებელია, მისი ადვოკატი აცხადებს, რომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი არის უნგრეთში, თუმცა ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ ეს გამოკითხვა შედგა ქალაქ კესტელში, თუმცა ასეთი სახელით ქალაქი მსოფლოს ოთხ ქვეყანაშია. ასევე, გამოკითხვის ოქმში მისამართად მითითებულია დები იშხნელების ქუჩა, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ ზურაბ ადეიშვილი ამჟამად იქ არ ცხოვრობს, - განაცხადეს პროკურორებმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათ დააყენეს შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებად არ დაიშვას გიგი უგულავასა და მის შვილს შორის მიმოწერა. მათი განმარტებით, ეს არის პირადი ხელშეუხებლობის დარღვევა და ამ ჩანაწერს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






