ფარული სატელეფონო მოსმენები სპეციალური ინსტრუქციით ხორციელდება, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით არის დამტკიცებული.
ამის შესახებ გაზეთ "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინსტრუქცია დაახლოებით 150 გვერდია, სადაც დეტალურად არის გაწერილი პროცედურები.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ინიციატივაც, რომლის თანახმადაც ეს რეგულაციები შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე იყოს გამყარებული და ინსტრუქციების ნაწილი გახდეს საჯარო", - აცხადებს იზორია.
ყველა სუბიექტი და უფლებამოსილი პირი, ვინც კანონიერ საფუძველზე შეიძლება ახორციელებდეს უშუალოდ მოსმენას, შესაბამის დაცულ ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ბიომეტრიული კონტროლის სისტემით, ანუ თითის ანაბეჭდების საშუალებით, რაც აქამდე არ არსებობდა. ფუნქციონირებს ელექტრონული ჟურნალი, სადაც დეტალურად იწერება, რა დროს რა მოქმედებები განახორციელა ამ პირმა.
"ზოგადად, ეს მოსმენა ხორციელდება სპეციალური ინსტრუქციებით, რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის საიდუმლო ბრძანებით. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ამ ბრძანების ნომერი, ეს არის # 0014 ბრძანება. ეს ინსტრუქცია დაახლოებით 150 გვერდია, სადაც დეტალურადაა გაწერილი პროცედურები", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები






