პირველი ინსტანციის სასამართლო განიხილავს შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიას და ვალერი მეტრეველის ბრალდების საქმეებს.
რამდენიმე თვის წინ მთავარმა პროკურატურამ დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს ბრალი ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში წაუყენა. უფრო კონკრეტულად, დათა ახალაიას ბრალი ედება სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სანდრო გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში. გარდა ამისა, კუდ-ის ყოფილი უფროსი პროკურატურამ კიდევ ერთ ეპიზოდში დაადანაშაულა: მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
კუდ-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი ბრალდებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში - სანდრო გირგვლიანის, ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
გერონტი ალანიასა და ვალერიან მეტრეველს კი, ბრალი ედებათ მოქალაქეების - ვამეხ აბულაშვილისა და კახა დაბრუნდაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, რომელიც იმ დროს შს მინისტრი გახლდათ, მას ბრალი ედება სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში.
5 ყოფილი მაღალჩინოსნისთვის წაყენებული ბრალდებები სასჯელად 9 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროცესზე, რომელიც ხვალ დაიწყება მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებსა და დასაკითხ მოწმეთა სიას წარუდგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.
ხვალინდელ პროცესს სავარაუდოდ, ყველა ბრალდებული დაესწრება, გარდა დათა ახალაიასი, რომელიც ძებნილია.
რაც შეეხება უშუალოდ ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარ ინციდენტს. სანდრო გირგვლიანისთვის სასიკვდილო ჭრილობების მიყენების ნაწილში ხელახალი გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის კიდევ ერთ ეპიზოდში ბრალდებულია შსს–ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის საქმეც მთლიან საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებაშია. მას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თავდაპირველად დაკავებული კუდი-ს თანამშრომლების: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე გაჩავასა და მიხეილ ბიბილურისთვის საპატიმროში განსაკუთრებული პირობების შექმნა ედება ბრალად. სასამართლო პროცესი ხსენებულ ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 აპრილს დაიწყება.
„გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე იპოვეს. მალევე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული კუდი-ს ოფიცრები გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა და მიხეილ ბიბილური, რომლებსაც სასამართლომ 7-7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მსჯავრდებულები შეიწყალა.
2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
მასალის გამოყენების პირობები






