უკრაინა უკვე 3 თვეზე მეტია, კრიზისულ ვითარებაშია. მართალია, პროტესტმა შედეგი გამოიღო (ამას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა) და ევროინტეგრაციის მომხრეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ სერიოზული პრობლემები ყირიმის ნახევარკუნძულზე დაიწყო.
მაშინ როცა დასავლეთ უკრაინა გამარჯვებას ზეიმობს, ქვეყნის აღმოსავლეთი რეგიონი სწორედ ამ გამარჯვებას აპროტესტებს. ყირიმის რადამ კი გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსეთს ავტონომიური ერთეულის სახით შეუერთდეს. 16 მარტს ყირიმში რეფერენდუმია დანიშნული, უკრაინის ახალი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს რეფერენდუმი რუსული ავტომატებისა და მუქარის ქვეშ ჩაივლის. ყირიმის მოსახლეობის 70% ეროვნებით რუსია, ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ნახევარკუნძულზე რუსი სამხედროები დგანან, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და ამ ყველაფერს "საკუთარი" მოქალაქეების დაცვას უწოდებენ. ხელწერა უცვლელია. ყველაფერი 2008 წელს ცხინვალში განვითარებულ რუსულ სცენარს ჰგავს. უკრაინის ახალი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რუსეთის პროვოკაციებს არ აჰყვეს და დროულ რეაგირებას დასავლეთს სთხოვს. როგორ ესახებათ ურთიერთობა რუსეთთან მაშინ, როცა ქვეყანამ უკრაინასთან დიპლომატიური კავშირიც გაწყვიტა და როგორ უნდა დააღწიოს უკრაინამ თავი ეკონომიკურ კრიზისს? "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურ ინტერვიუს პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო აძლევს.
- პირველი კითხვა სწორედ ყირიმის კრიზისზე მინდა დაგისვათ, ადგილობრივმა პარლამენტმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, გამოაცხადეს რეფერენდუმიც. ზოგადად, იქ არსებული ვითარება, ძალიან ჰგავს იმ რუსულ სცენარს, რომელიც საქართველოში – ცხინვალსა და აფხაზეთში განახორციელეს. პასპორტების დარიგება, წინასწარი განცხადებები, რომ საკუთარ მოქალაქეებს დაიცავენ, წვრთნების დაანონსება. და ახლა უკვე სამხედროების შესვლა თქვენს ტერიტორიაზე.
- სამწუხაროდ, მსგავსი სცენარის განხორციელება გარე ძალების ჩარევის ფაქტორის გათვალისწინებით ყირიმში გამორიცხული არ არის. თებერვლის ბოლო დღეებში ყირიმში განხორციელდა ინტერვენცია, რომელსაც წინ არანაირი პროვოკაციაც კი არ უძღოდა. რუსების ზედამხედველობით მოხდა ახალი ორგანოების "ფორმირება" და დაინიშნა რეფერენდუმი. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურად და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით განხორციელდა. ნათელია, რომ გამოცხადებული რეფერენდუმი დამპყრობლების ავტომატების ლულების ქვეშ ჩატარდება. სწორედ ასე უნდათ რამენაირად ლეგიტიმურობა მისცენ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ამის დაშვება არ შეიძლება.
– როგორ აპირებს ახალი მთავრობა, გაუმკლავდეს ყირიმის კრიზისსა და სეპარატიზმის საფრთხეს?
– უკრაინის ახალი ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ კანონიერი მეთოდებით შეინარჩუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ მადლიერები ვართ საერთაშორისო საზოგადოების, რომელიც ნათლად და მტკიცედ მხარს უჭერს უკრაინას. რაც შეეხება ყირიმის სეპარატისტებს, ეს განწყობა გარედან გააღვივეს და პროცესი ახლაც გრძელდება. ერთი რამ ნათელია, უკრაინის გარეშე ყირიმისთვის ძალიან რთული იქნება არსებობა. ჩავარდება სათესი და ტურისტული სეზონი, მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეუძლია ყირიმს წარმატებული იყოს. ყირიმელები – ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს და ერთად ავაშენებთ ახალ უკრაინას.
– თქვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი, პრინციპში, აღარც დგას ეჭვქვეშ. ალბათ, დაუყოვნებლივ გააგრძელებთ ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესს.
– უკრაინამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ უბრუნდება ევროკავშირთან ინტეგრაციის შესრულების პროცესს. ეს კურსი არის უკრაინისთვის პრიორიტეტული და ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ჩვენ ახლახან დავუბრუნდით უკრაინის ეროვნული კანონმდებლობის განხორციელებას და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების შესრულებას.
– როგორ გესახებათ რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა გარკვეულწილად რუსეთზეა დამოკიდებული ენერგეტიკის კუთხით. "გაზპრომი"კი უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ უკრაინას რუსეთის დიდი დავალიანება აქვს და ამიტომ კონტრაქტი, სავარაუდოდ, შეწყდება.
– რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობები თანასწორუფლებიანი და ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს. ეს ურთიერთობა ნდობასა და პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. მაგრამ ამისთვის აუცილებელია კომპლექსებსა და სტერეოტიპებზე უარის თქმა. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, ბევრს მივაღწიოთ და ბევრი გავაკეთოთ. ალბათ, პირველი ნაბიჯი უკრაინაში ენერგორესურსების დივერსიფიკაცია უნდა იყოს. როცა ჩვენი ურთიერთობებიდან სამუდამოდ გაქრება გაზის შანტაჟის თემა, შესაძლოა, რომ ჩვენ და რუსეთმა ურთიერთობების ხელახალი აშენება დავიწყოთ.
– ბოლო სამთვიანმა პროცესებმა უკრაინაში ფინანსური კრიზისი შექმნა. დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა... ამ კუთხით, ელოდებით თუ არა რაიმე დახმარებებს და ვისგან?
– ფინანსური კრიზისი უკრაინაში საპროტესტო ტალღას არ მოუტანია. ეს კრიზისი ტოტალური კორუმპირებული რეჟიმისა და არაპროფესიონალური სამთავრობო აპარატის მუშაობის შედეგია. იმ გუნდის, რომელიც იანუკოვიჩმა ჩამოაყალიბა. ყოველწლიურად ბიუჯეტიდან ასობით მილიარდი გრივნა მიდიოდა. ამ ფულის გაქრობა ყოფილი მაღალჩინოსნების სახელებს უკავშირდება. სწორედ ასე მიიყვანეს ქვეყანა დეფოლტის პირას. დღეს ევროკავშირი და შეერთებული შტატები, მსოფლიო სავალუტო ფონდი არა მხოლოდ საუბრობენ, არამედ განიხილავენ კონკრეტულ თანხებს, რითაც ჩვენს დახმარებას აპირებენ. ეს დაგვეხმარება, რომ გავატაროთ აუცილებელი სისტემური რეფორმები.
– ყირიმის გარდა, სტაბილური ვითარება ჯერჯერობით არც კიევშია.ევრომაიდანზე ისევ დგას ბარიკადები. არსებობს თუ არა გარკვეული ვადები, როდისთვის ელოდებით სიტუაციის დალაგებასა და დამშვიდებას?
– კიევში ახლა ნორმალური ვითარებაა, ბარიკადები ისევ დგას, მაგრამ ეს უფრო სიმბოლურია. ბარიკადები დგას იმის გასახსენებლად, რომ მაიდანის ყველა მოთხოვნა ჯერ შესრულებული არ არის. შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანი პროტესტი ნაბიჯ-ნაბიჯ ხელისუფლების სახალხო კონტროლად გარდაიქმნება და ეს ძალიან სასიხარულოა.
ევრომაიდანი მართლაც უნიკალური მოვლენაა. ეს მოქალაქეების თვითორგანიზებულობის უნიკალური მაგალითია. თვითორგანიზებულობისა და გამბედაობის. ეს ხალხი არ შეიძლება, რომ გახდეს უმართავი, რადგანაც ისინი საკუთარ თავს ძალიან მკაცრად აკონტროლებენ და ეს, დამერწმუნეთ, ყველაზე ეფექტური კონტროლია მსოფლიოში.
თუმცა, ზოგადად, უკრაინაში დღეს სიტუაცია მართლაც დაძაბულია, ვგულისხმობ ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებს.
– რაც შეეხება ახალ მთავრობას, ის ნაწილობრივ უკვე დაკოპლექტებულია, არის თუ არა ოპოზიციაში ერთსულოვნება? თქვენი გუნდის წევრებიდან არავინ მოხვდა ახალი მთავრობის შემადგენლობაში რატომ?
– მე მთავრობაში იმიტომ არ წავედი, რომ დიდი ხნით ადრე განვაცხადე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ხელისუფლებას, თითოეულ მინისტრსა და ჩინოვნიკს არ აქვს უფლება, გადაერთონ მხოლოდ პოლიტიკაში. მათ უნდა გადაარჩინონ ეკონომიკა. რაც შეეხება პარტია „უდარის“ წარმომადგენლებს ხელისუფლებაში, დიახ, იქ არ არიან ჩვენი დეპუტატები და თანაპარტიელები. მაგრამ ჩვენ წარვადგინეთ ხალხი, რომლებსაც მაღალკვალიფიციურებად და პატიოსან ადამიანებად მივიჩნევთ. ჩვენთვის მთავარი სავარძელი არ არის. ჩვენთვის უმთავრესია დადებითი შედეგი.
– რაც შეეხება ვიქტორ იანუკოვიჩს, მართალია, ის თავს ისევ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს თუმცა მასზე ძებნაა გამოცხადებული. რას აპირებთ, დადგება მისი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი?
– იანუკოვიჩის პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დგას. ის სისხლის სამართლებრივ რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. შესაძლებელია ახალი ეპიზოდებიც გამოიკვეთოს და ცნობილი გახდეს ყოფილი პრეზიდენტის სხვა დანაშაულებისა და კორუფციის ფაქტების შესახებ. გახსნილია სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივი დანაშაულებიც. ყველამ პასუხი უნდა აგოს, მოპარული ფული კი უკრაინის ბიუჯეტში დაბრუნდეს.
– რაც შეეხება იულია ტიმოშენკოს? აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში ჩართვას რაიმე ფორმით?
– ვფიქრობ, ეს შეკითხვა თავად იულია ტიმოშენკოს უნდა დაუსვათ.
– თქვენ უკვე საჯაროდ განაცხადეთ, რომ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ვინ იქნებიან თქვენი კონკურენტები და გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი?
– მე ჩემს თავს ყოველთვის მაქსიმალურ მიზნებს ვუსახავ და ამიტომ, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვარ განწყობილი. რაც შეეხებათ ჩემს კონკურენტებს, ჯერჯერობით ოფიციალურად დოკუმენტები რეგისტრაციისთვის არავის წარუდგენია. იანუკოვიჩის გაქცევამ სერიოზულად შეცვალა არჩევნებზე ძალთა ბალანსი. ეს უფრო მკითხაობას ჰგავს. ვფიქრობ, ძალიან მალე გავიგებთ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე პრეტენდენტების ვინაობას და მაშინ უკვე შევძლებთ, რეალურად შევაფასოთ ძალთა ბალანსი.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი"
მოამზადა ნინა შადურმა
მასალის გამოყენების პირობები






