დღეს ცნობილი გახდა, რომ 8 წელი ძებნაში მყოფი ემზარ კვიციანი კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების შემდეგ საქართველოში ბრუნდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მისი და ნორა კვიციანი ავრცელებს.
კოდორში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამხედრო ამბოხების ბრალდების გამო ამ დრომდე იძებნება, ამიტომ შს სამინისტრო კანონის შესაბამისად რეაგირებას აპირებს და შესაძლოა კვიციანი აეროპორტშივე დააპატიმრონ, თუმცა უფლებადამცველები საქმეში კითხვის ნიშნებზე საუბრობენ და ძიება სავარაუდოდ თავიდან დაიწყება.
"მას მიაჩნია, რომ გამოძიება ამჯერად ობიექტურად გაგრძელდება, ახალი ხელისუფლების პირობებში და ამიტომაც გადაწყვიტა ესე",-ამბობს ნორა კვიციანი.
ემზარ კვიციანის უდანაშაულობაში დარწმუნებულია ირაკლი ბათიაშვილიც.
„დაარქვეს ამას ინტელექტუალური დახმარება, რომ მე მას ინტელექტუალურად ვეხმარებოდი, რაღაც შეიარაღებული ამბოხის მოწყობაში, კოდორის ხეობაში კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით და მტკიცებულებებად ჰქონდათ ჩემი სატელევიზიო გამოსვლები და ჩემი სატელეფონო საუბრები", -აღნიშნავვს ირაკლი ბათიაშვილი
საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმცირესობა, გიორგი კანდელაკის განცხადებით ემზარ კვიციანი საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდეს რადგან ის ანტიდასავლური ძალადობრივი დაჯგუფების წევრია.
კვიციანის საქმე შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა პროკურატურას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა. კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქმეში ბევრი დარღვევასთან ერთად პოლიტიკური მოტივაციაც იკვეთება,
"თავის დროზე წინა ხელისუფლების პერიოდში კანონის დარღვევითაა წარმოებული პროცედურები, ჩვენ დავინახეთ რომ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ მოტივს",-ა მბობს ეკა ბესელია.
ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში ხვალ 16:00 საათზე დაბრუნდება.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






