:- ამბობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
_ ბატონო დემურ, ბოლო დროს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და თვით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელ განცხადებებს აკეთებენ. როგორ ფიქრობთ, რითაა ეს განპირობებული?
_ მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც ოპოზიციური ძალა, ამ შემთხვევაში კონცენტრირებული და თავისი პოლიტიკური მომავლისათვის მებრძოლი შეკრული ძალაა. ცდილობს ხელისუფლების ყველა უზუსტობა გამოიყენოს.კარგად მესმის- ეს პოლიტიკური თამაშია და სრულიად ნორმალურია. მთავარია ხელისუფლება არ აძლევდეს ისეთ საფუძვლებს, რომ შემოგიტიონ ისეთ რამეზე, რომელზეც შემოსატევი არ არის. რატომ არ არის შემოსატევი? როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ყველა მონაცემი გაახმიანა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ. სადღაც ეს იყო მაისი, ივნისის დასაწყისი.ამ დროისთვის თემატურ ჯგუფებში უკვე ძალიან ბევრი გათვლები იყო გაკეთებული მას სხვა ჯგუფიც ჰყავდა ე.წ. ინსტიტუტის სახით.ამიტომ ყველა ციფრი, რომელიც მან დაასახელა, დაასახელა პატიოსნად, არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით...
-მოდით, ვაღიაროთ, რომ ეს გარკვეული სახის პიარიცაა...
_ ივანიშვილი ხელისუფლებაში როცა მოვიდა, ძალიან გასაკვირი იყო ასეთი ჩამოუყალიბებელი განცხადებები, მაგრამ მე ეს მივაწერე მასზე გარე ჯგუფების ზემოქმედებას.რადგან ის დანაპირები, რაც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს, რომ აღასრულო შენ ფაქტიურად ეკონომიკაში სიტუაცია უნდა შეცვალო.ეკონომიკაში სიტუაციის შეცვლა, ნიშნავს, რომ შეზღუდო ის მონოპოლისტური წარმოქმნილი ხარბი ჯგუფები, რომლებიც წინა ხელისუფლებამ გააჩინა და რომლებთაც სეგმენტირებული ზონები აქვთ ეკონომიკაში.
-ძველის ახლით ჩანაცვლების ტენდენცია პოლიტიკაში აშკარა, მაგრამ შესაძლოა ეს ჩანაცვლება ბიზნესშიც მოხდეს?
_დიახ , სწორედ ამ მცდელობის მქონე ჯგუფების ზეგალენა მგონია პრემიერ-მინისტრზე, როცა გარკვეულწილად უკან იხევს. პოლიტიკურ ქმედებებს სჭირდება სახელმწიფო მიდგომა. ამას სჭირდება ისეტი სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ცდილობენ ქვეყანა გაიყვანონ იმ ორბიტაზე, როცა ის უკვე განვითარებული ქვეყნის სტატუსით ივლის. ბატონ ბიძინას არ აქვს საფუძველი, რამის შეეშინდეს.რაიმე პირობის შესრულებას ორ თვეში არავინ სთხოვს, მაგრამ რაც წინასარჩევნოდ თქვა, მის შესრულებას ხალხი ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოითხოვს.
_ ახალი ხელისუფლება ორ თვეში ამბობს, რომ რაღაც ნაწილის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებს.მე ვგულისხმობ ტარიფების შემცირებას და კიდევ ბევრ სხვას, რომელსაც დაჰპირდნენ არჩევნებამდე, ახლა კი დანაპირების შესრულება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
_ ტარიფების შემცირებას წინ არაფერი უდგას, გარდა პოლიტიკური ნებისა. ეს უკვე დათვლილ- გადათვლილია და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ ოთხი თეთრით ახლავე შეიძლება. კიდევ ცოტას თუ მოინდომებენ, თეთრი-თეთრნახევრით შეიძლება და მორჩებაა ამ ეტაპზე.
_ ჩვენ ველოდებოდით განახევრებას ბატონო დემურ და...
_ გაზის განახევრებაზე იყო საუბარი, და ეს აუცილებლად იქნება.ჩვენ ვამბობთ, რომ ამის რესურსი არსებობს.
_ მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ გაზის განახევრება კი არა, შემცირებაც კი შეუძლებელია, მხოლოდ დენის ტარიფის შემცირებაზე ვმსჯელობთო.
_გაზის ირგვლივ იმდენად ძლიერი ჯგუფების ინტერესებია ჩაჭედილი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ჯგუფებს არ შეზღუდავს, მაშინ გაზის ტარიფი უფრო გაიზრდება.გაზის ტარიფს არაფერი უდგას წინ შესამცირებლად.მე ვფიქრობ განახევლებას პლუს-მინუს 10 პროცენტის ფარგლებში.
_ რა აღმოაჩინეთ დათვლის პირობებში- რა ზედმეტ თანხას იხდის მოსახლეობა და რამდენად შესაძლებელია ხელისუფლების მიერ განხორციელებული სუბსიდირების ახალი ფორმა იქნეს მიღებული, რომლის საფუძველზეც მოსახლეობა იგრძნობა შვებას?
_ ჩვენი მოსახლეობა, რომელთაც შემოსავლები პრაქტიკულად არ აქვთ, ძალიან ბევრს იხდის ამ ინტერესთა ჯგუფების სასარგებლოდ და ეს ხელისუფლების ორგანიზებულია. ახალ ხელისუფლებას მართებს ცოტა სხვანაირი მიდგომა.
მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ზეწოლისა, რომელიც იქნება, მთავრობა უნდა მოერიოს ამ ზეწოლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მინდა უბრალოდ შევახსენო მათ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური ფონი. თუ ადამიანებმა ელემენტარული სტაბილური სამუშაოები არ მიიღეს, ისევ აჯანყდებიან .გასაგებია ახალ სამუშაოებზე ხელფასი 1000 დოლარი ვერ იქნება, მაგრამ ახალი მთავრობიდან უნდა მოდიოდეს საიმედო იმპულსები.იმპულსები იმ მიმართულებით, რომ ძვრა დაწყებულია და ნელ-ნელა სიტუაცია გაუმჯობესდება.ადამიანები რატომ ნერვიულობენ და რატომ არიან შეშფოთებულები, იცით? ისინი ხედავენ საკადრო გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით არანაირ ლოგიკურ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარება.ბუნებრივია ისინი ხედავენ რეგიონში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას. ცვლილებები ადამიანებით იწყება. თუ ადამიანი რომელმაც აქამდე მიიყვანა საქმე, ისევ იმავე თნამდებობაზე იქნება, როგორ უნდა შეცვალოს მან რამე?
-მოდით, ერთი რამეც ვაღიაროთ, კი გასაგებია , რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ მოსწონდათ, მას ,,რეჟიმს“ უწოდებდნენ და უნდოდა ხალხს ამოსუნთქვა. ამიტომაც ჩაენაცვლა ახალი ხელისუფლება, მაგრამ სოციალური ფონი იყო ერთ -ერთი ყველაზე წამმართველი, რამაც მოიყვანა ახალი ხელისუფლება.თუ ეს სოციალური ფონი არ გაუმჯობესდება, ამ შემთხვევაში ხომ არ დავდგებით სოციალური აფეთქებების წინაშე?
_ ჩვენ დავდგებით რეალური უკმაყოფილების წინაშე, რასაც საზოგადოება მოურიდებლად გამოხატავს.პრინციპული ის კი არაა სააკაშვილის რეჟიმი იყო თუ არა, მთავარი ისაა, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არ მალავდა იმას, რომ სახელმწიფო წარმოედგინათ, როგორც კორპორაცია და კორპორაციაში იცით თქვენ, რომ არსებობენ მფლობელები.ხოდა მათ მიაჩნდათ რომ ეს კორპორაცია მხოლოდ მათი იყო.სხვა დანარჩენი იყო მომხმარებელი.იგივე ხაზი არ უნდა გატარდეს ახლაც.
-რითაა დაცული ახალი ხელისუფლება, რომ არ გაჩნდება ახალი მონოპოლიური ჯგუფები? ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელიც ახალ ხელისუფლებაში მაღალჩინოსანია, ძველი ხელისუფლებისგან ისწავლა, როგორ შეიძლება რაღაც ბიზნესების მართვა, ხელში ჩაგდება და კანონით ამ ყველაფრის შეფუთვა.
_საქმე იმაშია, რომ მონოპოლიზმის ისეთი მკაცრი სისტემა ააგო ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ახალი მოსაგონებელი აღარ არის. ყველაფერი სეგმენტირებულია- იმპორტში ყველას თავისი პატრონი ჰყავს. თუკი ახალი ხელისუფლება წავა ისეთ დიდ შეცდომაზე, რომ ვიღაც ჯგუფები ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს გამოიყენებენ და ამით ბიზნესებში ჩაენაცვლებიან ძველ მეპატრონეებს, ეს იქნება ახალი მთავრობის კატასტროფული ნაბიჯი. რადგან თუ სისტემა არ იცვლება, მდგომარეობა ვერ შეიცვლება.თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, ყველაზე ცუდი სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს,ისაა, რომ მოლოდინები გაუცრუვდებათ ადამიანებს. ისინი რეაქციას მიმართავენ იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც ენდნენ. ამიტომ ბატონი ბიძინას წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ მან მარტომ უნდა შეძლოს ამ ნდობის შენარჩუნება.
-შეინარჩუნებს გუნდურობის პრინციპს ზოგადად კოალიცია? გასაგებია, რომ იქ ძალიან ბევრი პარტიაა თავმოყრილი, მაგრამ გუნდურობის პრინციპი ამ დრომდე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.
_კოალიცია უკვე გადანაცვლებულია პარლამენტში, ახლა აღამსრულებელში კოალიცია ვერ იქნება, არ არის ეს კოალიციური მთავრობა. ყოველ შემთხვევაში ასე არ ჰქვია მას. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ყველა ბერკეტი სიტუაციის და ნდობის შენარჩუნებისთვის, რომ მან მართლა ძლიერი გუნდი შექმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირი ავტორიტეტი დროში ვერ იმუშავებს. და კოალიციაც ისევე დაკარგავს ავტორიტეტს, რომელიც მოიპოვა. ხალხს ცვლილებები უნდა. თუ ცლილებები არ იქნა და ხალხმა ვერ იგრძნო საკუთარი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკვე ყველა გახდება ისეთი, როგორიც იყო მაგალითად წინა ხელისუფლება.
-რეალურად ორი თვის თავზე ახალი ხელისუფლება გადასულია თავის გამართლების პოლიტიკაზე.ხომ არ შეიძლება უკვე შიდა რღვევაც ვივარაუდოთ?
_ მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ვითარება ასე გაგრძელდა, მე არ ვარ დარწმუნებული რომ მომავალი წლის ოქტომბრამდე, როცა პრეზიდენტს უმთავრდება ვადა, მანამდე შენარჩუნებული იქნება ნდობის ის ხარისხი, რომელიც არსებობს. ერთი წელი ასეთ ღატაკ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის ძალიან ბევრია. დაპირებების შესრულებას ერთი წელი არ სჭირდება, არც ლოდინი. საჭიროა ეფექტური მოძრაობა, საჭიროა მძლავრი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ.
_ პირდაპირ გკითხავთ: მზად იყო ხელისუფლებაში მოსასვლელად ბიძინა ივანიშვილის კოალიცია?
_ მე ვფიქრობთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლა განაპირობა იმ ბოლო მოვლენებმა, რომელიც განვითარდა განსაკუთრებით ციხის მოვლენებთან დაკავშირებით, რამაც შოკი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. ვფიქრობ, ეს რომ არ ყოფილიყო, ალბათ განლაგება იქნებოდა ცოტა სხვაგვარი.
-შესაძლოა ამ ყველაფერმა ისე იმოქმედოს, რომ პოლიტიკური და სოციალური ფონი რეალურად დაამძიმოს. ტერმინი მაინტერესებს ,,ვაცადოთ“ რამდენად შეესაბამება ქართველი ხალხის მოთმინების ხარისხს, ერთმანეთს ხომ არ ვამშვიდებთ?
_ადამიანები ,,ვაცადოთ-ის“ პრინციპზე როდის გადადიან, იცით? როცა ხედავენ, რომ საქმე დაძრულია.ეს არის თვითდამშვიდება,რომ რაღაც კეთდება, რაღაც შეიძლება ვერ კეთდებოდეს , მაგრამ ადამიანები ხვდებიან, რომ რაღაც მოძრაობა დაიწყო. ადამიანებს უნდა ანახო, რომ საქმის კეთება დაიწყე და მერე დაგაცდიან. თუ ეს დაწყების პროცესი არ არსებობს, ბუნებრივია, ,,ვაცადოთ“ - ,, ვაცადოს“ ძახილი დიდხანს ვერ გასტანს უბრალო მიზეზის გამო: რატომ უნდა გაცადო, როდესაც ვხედავ, რომ ჯგუფები, რომლებიც ახლადწარმოქმნილი ხელისუფლების სახელით სარგებლობენ, საკუთარ საქმეებს იწყობენ და თანამდებობეზე თავისი ნათესავები და ახლობლები მიჰყავთ. თქვენ დააკვირდით ძალიან ცუდ ტენდენციას, რომელიც შეინიშნება და შეიძლება ეს ახალი მთავრობისთვის საყურადღებო იყოს. გავიდა ერთი თვე და არსად საჯარო კონკურსი სამსახურში მიღების თაობაზე არ გამოცხადებულა.
_ იქნებ ახალი ხელისუფლებისათვის ეს ,,პოპულარული“ ტენდენცია არ არის და რაღაც გადმონაშთად თვლიან ძველი ხელისუფლებისგან
_ სამაგიეროდ, ადამიანები შესანიშნავად უყურებენ იმას, რომ თანამდებობის პირებს საკუთარი ნათესავები არ რჩებათ გვერდზე და ჯგუფ-ჯგუფად მიჰყავთ ისინი.
_ რეალურად ხომ რამოდენიმე ოჯახი მართავს დღეს დღეობით საქართველოს.აქ არის ოჯახური ხელისუფლება, მე ვგულისხმობ თამაზაშვილების ოჯახს, ხიდაშელების ოჯახს და სხვებისას...
_ მე შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ნებისმიერი ოჯახური მმართველობა განწირულია. ქართველმა ხალხმა პირველ ოქტომბერს აჩვენა მსოფლიოს, რომ ახალი სახელმწიფო შედგა. ქართველმა ხალხმა აჩვენა. რომ ის არის ერი.ეს ადამიანები უკვე არანაირ ოჯახურ მმართველობას არ მოითმენენ. რეაქცია იქნება ძალიან სწრაფი. თუ ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც აღმერთებდა ჩვენი ხალხი 2006 წლის ბოლომდე და მის მიმართ თითქმის ფანტასტიკური დამოკიდებულება იყო. ამჯერად 2004-2005 წლებთან შედარებით დღეს ქართველი ხალხი უარეს მდგომარეობაშია.ამ ადამიანებმა გამოხატეს თავისი ფანტასტიკური დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი, და მისცეს ფაქტიურად კარტ ბლანში ერთადერთი მიზნით, რომ ეს ადამიანი მათ უშველიდა. ხალხს არ მიუცია უფლება ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვა გაეხარებინა. იმ ადამინებისთვის არ დაუჭერია მხარი, ვინც ბიძინას სახელით სარგებლობენ და ბიზნესებში ჩაძრომას ცდილობენ ახალი კლანების სახით. ხალხს სურს, რომ ქვეყანა შეიცვალოს და პირობები დადგეს.ეს პირობები თუ არ დადგა, მაშინ ბუნებრივია აგრესია გაჩნდება და გაცილებით ადრე, ვიდრე 2 და 3 წელი.მე არ მგონია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, ვერ გრძნობდეს ამას. მას ენდო ხალხი, მას მოსთხოვს ხალხი!
-გუშინწინ გავრცელდა ფადი ასლის წერილი, რომლის თანახმადაც ინვესტორები შეშფოთებულები არიან და ფადი ასლი იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს საქართველოდან. ის ამბობს, ახალ ხელისუფლებას ან გათიშული აქვს ტელეფონი ან საერთოდ მიღებაზე უარს გვეუბნებიანო. ზოგადად ტენდენცია როგორია ინვესტორებთან მიმართებაში?
_ მე შემიძლია ფადი ასლის დავეთანხმო იმ ნაწილში, რაც თქვენ ახლა თქვით , იმიტომ რომ ეს ჩვენი პატივცემული მთავრობის წევრები, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად თვეების განმავლობაში იყვნენ , ახლა სულ დაიკარგნენ. ზოგი კი მოულოდნელად ამობრწყინდა და მიუწვდომელი გახდა.მათთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია. მე ამას ვუძახი მენტალურ ბოლშევიზმს, იმიტომ, რომ პოროფესიონალი მაგარი კაცი არ შეიძლება ტელეფონს რთავდეს და ვინმეს პასუხის დრო არ გქონდეს. მე გეტყვით სასაცილო რამეს.დავრეკე სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემხვდა თანაშემწე , ვეუბნები, გადაეცით ბატონ დავით კირვალიძეს, რომელიც ჩემი კოლეგა იყო პარლამენტშიდა შესანიშნავად ვიცნობ, თემატურ ჯგუფს შეგვხვდეს-თქო.და რას მეუბნება იცით? მინისტრი 2 კვირის განმავლობაში დაკავებულია, შეხვედრები აქვს და ვერ შეგხვდებათ. დათო კირვალიძეს ვეუბნები, რომ ის დეგრადირებული ბოლშევიკია, მე არ ვიცოდი ის ასეთი იყო.რით უნდა იყოს მინისტრი ისე დაკავებული,რომ დარგის სპეციალისტებთან სასაუბროდ ერთი საათი ვერ გამონახოს.
_ რაც შეეხება თემატურ ჯგუფს,რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით ,,ქართულ ოცნებაში“. რამდენად არის გაზიარებული თქვენს მიერ გაწეული სამუშაოები თვეების მანძილზე თუნდაც ბიუჯეტის მიმართულებით?
_ ამიტომ გვინდოდა ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა, აზრზე არ ვარ, რას ფიქრობს, რის გაკეთებას გეგმავს. ჩვენ კონცეფცია გავაკეთეთ, რომელსაც დასავლეთში ძალიან დიდი შეფასება მოჰყვა და ,,ოცნება“ არ მოგვეხმარა მის გატანაში. ამიტომ სანამ გაზაფხული დადგება, მანამდე მინდოდა შეხვედრა კირვალიძესთან და ვერ ვხვდები,ის როგორი მინისტრია? კირვალიძე არის სასაცილო ადამიანი, რომელიც მოიყვანეს და დასვეს.რა გამოდის? სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამათი საუფლო გახდა? ერთხელ ბლატით მოხვიდე, მეორეჯერ ბლატით მოხვიდე, სად ხდება ასე?
-ბევრი ხაზს უსვამს იმას რომ, თუ საააკაშვილმა ახალგაზრდები მოიყვანა, ხელისუფლებაში ამის საპირწონედ ბიძინა ივანიშვილმა სხვა რამე გააკეთაო.
_ მე შეიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ უდიდესი პატივისცემით და კეთილგანწყობით ბატონი ბიძინასადმი, იმიტომ, რომ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მოლოდინები გამართლდეს. დიდ შეშფოთებას იწვევს სწორედ საკადრო პოლიტიკა, რადგან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში ნდობა აქვთ, ნდობას აჩენენ პროცესის მიმართაც და როცა ეჭვები ჩნდება ადამიანების მიმართ, მოსახლეობა ხელს ჩაიქნევს და იტყვიან, ამათგან რა ხეირი უნდა იყოსო
ჟანა ასანიძე
სააგენტო ,,ნიუპოსტი’’
მასალის გამოყენების პირობები






