სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ, სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლებების რეალიზების რეკომენდაციით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის პრესსამსახურში აცხადებენ, სახალხო დამცველის აპარატმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #7 დაწესებულებაში არაგეგმური მონიტორინგი განახორციელა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში მყოფი პატიმრების უფლების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა და გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც შესაბამისი ორგანოების მიერ შესწავლას საჭიროებს, კერძოდ: დაწესებულებაში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია; რამდენიმე ფენა გისოსით დაფარული მცირე ზომის ფანჯრები ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას ვერ უზრუნველყოფს, ხოლო დაწესებულებაში დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემა – სუფთა ჰაერის საკმარის მოძრაობას; პირველ სართულზე განლაგებული საკნები ნესტიანია და იმ პატიმრებს, რომლებსაც ფილტვების ტუბერკულოზი აქვთ გადატანილი, განმეორებით დაავადების საფრთხე ემუქრებათ; ცალკეული პატიმრების საცხოვრებელი საკნის ფართობი ეროვნული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს; პატიმრების სასეირნოდ გამოყოფილი ფართი მცირე ზომისაა; საკნებში არ არის საკმარისი ავეჯი, რის გამოც პატიმრებს პირადი ნივთები და საკვები იატაკზე და საწოლზე უწყვიათ; დაწესებულებაში არ არის სამრეცხაო, რის გამოც, პატიმრები ტანსაცმელს და თეთრეულს რეცხავენ საკნებში და იქვე აშრობენ. პატიმრების განმარტებით, მათ ასევე არ აქვთ საკმარისი თბილი ტანსაცმლი; პატიმრებს არ ეძლევათ უფლება საკანში იქონიონ საპარსი და ფრჩხილების საჭრელი საშუალებები; ერთ საკანში მყოფი პატიმრების ყველა საპარსი და ფრჩხილის საჭრელი ინახება ერთ კოლოფში, ოფიცერთა სამორიგეო ოთახში მდგარ სეიფში, სამეურნეო და საკანცელარიო დანიშნულების ნივთებთან ერთად. აღნიშნულით ირღვევა ჰიგიენური ნორმები და იქმნება გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხე; #7 დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა არ არსებობს. შეხვედრების ოთახების სიმცირის გამო პატიმრები ადვოკატთან დაუბრკოლებლად და შეუზღუდავად შეხვედრას ვერ ახერხებენ. პატიმრების გადმოცემით, მათ არ აძლევენ უფლებას, საკანში შეინახონ პირადი კორესპონდენცია.
"როგორც პატიმრები აღნიშნავენ, ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და გამომწვევად მიმართავენ. მათ განცდებს აძლიერებს ორი პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტი და ამ ფაქტის მონაწილე დაწესებულების დირექტორის სამუშაოზე აღდგენა. პატიმრები განმარტავენ, რომ მცირეოდენი გადაცდომის შემთხვევაშიც კი ეზღუდებათ სხვადასხვა უფლებებით სარგებლობა (მაგ. ტელეფონით, მიმოწერით, ამანათით). ასევე აცხადებენ, რომ საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი პრესაზე. დაწესებულებაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული პატიმარი ჯანმრთელ პატიმრებთან მოათავსეს. ასევე, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირი განათავსეს ვადიან თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებთან ერთად, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. პატიმრები აცხადებენ, რომ მათ არ მიუწვდებათ ხელი დროულ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე. პატიმრები განსაკუთრებულ პრეტენზიას გამოთქვამენ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებებში გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩასატარებლად გაყვანის გაჭიანურებაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






