მოსკოვი უმაღლესი რადას მოქმედების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს და მოუწოდებს „მკვეთრად აღკვეთონ უკრაინაში ხელისუფლებას მოპოტინებული ექსტრემისტები“.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების საიტზე განთავსდა.
რუსი დიპლომატები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალმა ხელისუფლებამ გეზი აიღო უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დიქტატორულ-ტერორისტული მეთოდებით იმათი დაჩაგვრისკენ, ვინც მათ არ ეთანხმება.
„იქმნება მყარი შთაბეჭდილება, რომ 21 თებერვლის შეთანხმება გამოიყენება მხოლოდ უკრაინაში ხელისუფლების იძულებითი შეცვლის სცენარის დასაფარად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაეროს სამდივნოს ჩათვლით, საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ამ ხაზის გამართლების მცდელობები“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსული საგარეო პოლიტიკის უწყება ასევე შეწუხებულია იმითაც, რომ რადა, „რევოლუციურ მიზნებზე“ დაყრდნობით, იღებს „გადაწყვეტილებებსა“ და „კანონებს“, რომლებიც მიმართულია უკრაინაში მცხოვრები რუსებისა და სხვა უმცირესობების ჰუმანიტარული უფლებების დარღვევისაკენ.
მასალის გამოყენების პირობები






