ადვოკატ გოგა ონიანის საქმის მთავარი მოწმის დავით შათირიშვილის განცხადებით, მისი დაკავების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა ონიანი და 24.5 გრამის “მარიხუანის” ქონაზე ხელიც სწორედ ონიანმა მოაწერინა.
შათირიშვილის თქმით, მისი დაკავების პროცესში გოგა ონიანი, 3 პირთან ერთად მონაწილეობდა, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, თუმცა თან ჰქონდათ იარაღი.
“მე დამაკვეს, ვინაიდან ვმუშაობდი სარეკლამო კომპანია “დუო პრინტში“, ვიყავი მენეჯერი და ვასრულებდი გარკვეულ შეკვეთებს, მოცემულ მომენტში ვასრულებდი ბერა ივანიშვილის მაისურების შეკვეთებს კლიპისთვის. ამ შეკვეთის შესრულების შემდეგ მე დამაკავეს უკანონოდ. წამიყვანეს გლდანი-ნაძალადევის პოლიციაში, სადაც ონიანმა შემიყვანა თავის კაბინეტში. მან მაგიდაზე დადო თეთრ ქაღალდში გახვეული მარიხუანა და მითხრა, რომ შენ იცი რაც მოგივა და რაც მოხდაო. მე ვიყავი გაურკვეველ ვითარებაში, რადგან არ ვიცოდი რა მოხდა. ვიკითხე, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მაშინ მან მანახა გარკვეული კლიპი, რომ ეს არის შენი დამზადებული და ქვეყანას საფრთხე შეექმნაო. მან ჩამომიყალიბა გარკვევით, რომ ჩემს ოჯახს შეექმნებოდა დიდი საფრთხე, რამეთუ ჩემი ოჯახიდან, ჩემი მეუღლის სამუშაო და ჩემი სამუშაო ოფისებიდან ამოიღებდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. მე გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე ვარჩიე, რომ იქვე შეთავაზებული მარიხუანა, რაზეც მოვაწერე ხელი და შემდგომ გადამიყვანეს უკვე იზოლატორში და შემდეგ გლდანის ციხეში”, - განაცხადა შათირიშვილმა.
მისივე თქმით, იგი 2 კვირაში 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს ციხიდან, თუმცა მისი განცხადებით, ამის შემდეგ მუშაობა კომპანია “დუო პრინტში” აღარ გაუგრძელებია. შათირიშვილის თქმით, პროკურატურას აღნიშნული საქმის გამოძიების მიზნით 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმართა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საქმის გამო ადვოკატ გოგა ონიანს, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე წაუყენეს.
მასალის გამოყენების პირობები






