უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუცია ამოქმედდა. გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესი რადას მიერ დღეს საღამოს იქნა მიღებული. 2004 წლის კონსტიტუცია, რომელიც კვლავ ამოქმედდება, საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობას ითვალისწინებს და მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილებას.
გადაწყვეტილებას მხარი რადას 386-მა დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც იმ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლებიც მშვიდობიანი აქციების დროს დააკავეს.
ამავდროულად კიევში, თავისუფლების მოედანზე მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები უმაღლესი რადას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოვაციით შეხვდნენ.
აღნიშნული კონსტიტუცია მნიშვნელოვნად ზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას და აძლიერებს რადას. ეს არის ერთ-ერთი პუნქტი შეთანხმებისა, რომელიც 1 საათის წინ შედგა პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, უკრაინის ოპოზიციასა და ევროპელ მაღალჩინოსნებს შორის.
აღნიშნული შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის დეკემბრამდე ჩატარდება. გარდა ამისა, ხელისუფლების, ოპოზიციისა და ევროკავშირის ზედამხედველობით ჩატარდება უკრაინაში მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.
შეთანხმების მე-5 პუნქტში წერია, რომ ხელისუფლება არ შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას. პარლამენტი მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და ციხიდან გამოუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ევრომაიდანზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დააკავეს. ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მშვიდობის დასამყარებლად, გაათავისუფლონ ადმინისტრაციული შენობები და ბლოკირებული ქუჩები.
მე-5 პუნქტისვე მიხედვით, ოპოზიციონერმა აქტივისტებმა შესაბამისი კანონის ძალაში შესვლიდან 24 საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჩააბარონ არალეგალური იარაღი. ოპოზიციონერმა აქტივისტებმა და სამართალდამცავებმა უნდა დატოვონ დაპირიპირების ადგილები.
აღნიშნულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს რადიკალური ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დმიტრი იაროში თქმით, შეთანხმებაში არაფერი წერია პრეზიდენტის გადადგომისა და მასობრივი ძალადობის ორგანიზატორების დასჯის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






