ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობისა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში მიიღო. სარჩელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების პარლამენტში კენჭისყრისთვის არ წარდგენას ეხება.
„ჩვენ, მიხეილ მირზიაშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ანნა ძიაპშიპა, უჩა სეთური, დავით მჭედლიძე, იოსებ სალუქვაძე, ნუგზარ სუარიძე, კონსტანტინე ჩლაიძე - ვითხოვთ საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობამ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტს, ასარჩევად წარუდგინონ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატები, იმ სიიდან, რომელიც შერჩეული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, 2013 წლის 27 ნოემბრის, #113/3 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში.
პარლამენტის უმრავლესობამ და უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა დეპუტატებმა უმოქმედობით დაარღვიეს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლით დადგენილი პროცედურა და პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები კენჭისყრისთვის სრულად არ წარუდგინეს. აღნიშნულმა შეაფერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ქმედითუნარიანი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება და გამოიწვია საზოგადოებრივი უნდობლობა პროცესისადმი“, - აცხადებენ მოსარჩელეები.
მათი განცხადებით, მსგავსი შეფერხების პრევენციის მიზნით, სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელი, განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადაო მუხლი, რაც ხელს შეუწყობს კანონის მართებულად აღსრულებას და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღდგენას.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კონკურსში მონაწილეობით ჩვენ, საზოგადოების წინაშე, ავიღეთ ჩვენი წილი სამოქალაქო ვალდებულება პროცესის სამართლიანად წარმართვაზე. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის წარდგენის უფლება გვაქვს მხოლოდ ჩვენ, როგორც დაზარალებულებს, მივმართეთ სასამართლოს, რათა პარლამენტის მხრიდან კანონის დარღვევის საკითხი დადგინდეს სასამართლო წესით“, - აცხადებენ მოსარჩელეები.
მასალის გამოყენების პირობები






