როგორც ვარშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მას ხულოს ქუჩაზე მდებარე შენობის გასხვისების დროს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
აჭარის ყოფილი მეთაური მის პროკურატურაში დაბარებას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტერორი ხორციელდება.
"მოწმის სახით ვიყავი დაბარებული. არჩევნები მოდის და არჩევნების წინა პერიოდში ტერორი ალბათ უფრო მეტად გაიზრდება. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ ბევრი ჩვენი აქტივისტის და პარტიის წევრების დაბარებასაც. კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ დადგმული შოუ, რომელიც დღესაც გრძელდება. მე მართლა მიხარია, რომ ვცხოვრობ იმ ქალაქში, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში ავაშენეთ. ყველა ობიექტი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გასხვისებული და ჩვენს დროს აშენდა, მიხარია და ვამაყობ ამით. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობას ამ წელიწადნახევრის განმავლობაში რომ არაფერი აქვს გაკეთებული, უნდა ამის გადაფარვა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. კონკრეტულად, საქმე ეხება ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, #6-ში მდებარე შენობის გასხვისებისას ჩემი უფლებამოსილების გადამეტებას. ჩვენს დროს გასხვისებული საინვესტიციო ობიექტი ახალმა მთავრობამ გააგრძელა, კითხვა ისმის, ჩვენთან რა გინდათ?! ასე რომ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ბათუმში ვართ და პროკურატურის მხრიდან ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად ვართ", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






