,,პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, მინდა, გაუწყოთ შემდეგი: საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში 2012 წლის 14 ნოემბერიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით და 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში ბრალდებულ სერგო თეთრაძის გარდაცვალებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების განცხადებები, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების საყრობილის ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძისა და დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების თაობაზე. აღნიშნულ საქმეს გაუერთიანდა სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წელის სექტემბერს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მიზეზით. შეწყვეტილ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იყო, რომ სერგო თეთრაძეს 2011 წლის 19 სექტემბერს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და იმავე დღეს გადაყვანილ იქნა გლდანის #8 დაწესებულებაში. იმავე წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე დაწესებულების პირველი სარეჟიმო კორპუსის 53-ე საკანში მარტოდ მყოფმა ბრალდებულმა თეთრაძემ თავი შეუძლოდ იგრძნო და ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ გამოძახებულ იქნა ექიმი. მისი საკანში მისვლისათვის თეთრაძე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და გადაყვანილ იქნა მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, თეთრაძე უმოკლეს დროში, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკნის თანახმად, თეთრაძის სიკვდილის უშუალო მიზეზია გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულის იშემიური დაავადებების შედეგად. თეთრაძეს სხეულზე აღენიშნებოდა ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და ნახეთქი ჭრილობა. იმ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამოძიებამ მაშინ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული დაზიანებები თეთრაძემ მიიღო დაკავებამდე, ანუ 2011 წლის 17 სექტემბერამდე, გაურკვეველ ვითარებაში. უნდა განვაცხადოთ, რომ ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე. 2012 წლის 14 ნოემბერს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხულ იქნა მრავალი მოწმე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები, მორიგე ექიმი, რომელიც ადასტურებს, რომ პატიმარი თეთრაძე კომატოზურ მდგომარეობაში ნახა არა #53 საკანში, არამედ ე.წ. კარანტინის ნახევრად-სარდაფულ საკანში. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ პატიმარი სერგო თეთრაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების ტერიტორიიდან, დაწესებულების შინაგანაწესის უხეში დარღვევით, უკანონოდ გაიყვანეს საპყრობილის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მანქანაში, სადაც იმყოფებოდა თავად მუხაძეც. ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველი მოწმეებიც. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პატიმარი თეთრაძე დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ იმავე მანქანით, იმავე პირების მიერ შემოყვანილ იქნა ტერიტორიაზე. ჩვენებებით ირკვევა, რომ თეთრაძე მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან, წელში მოხრილი იყო და სიარულიც უჭირდა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ალექსი პერაშვილმა უჩვენა, რომ მე-8 დაწესებულების სარეჟიმო დაწესებულების უფროსის ოლეგ ფაცაციას და უსაფრთხოების უფროსის ვიქტორ ყაჭეიშვილის სიტყვიერი ბრძანებით, მან და პატიმარმა სისაურმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სცემდნენ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს ძალადობა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, წამება, რის შემდეგაც პატიმარმა გონება დაკარგა და დაახლოებით ნახევარ საათში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. დადგინდა ასევე, რომ დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის დაფარვას და კვალის განადგურებას. მათ მომხდართან დაკავშირებით მიცემული აქვთ ცრუ ჩვენებები, ხოლო საექიმო დასკვნა, რომელიც არსებობდა ამ საქმეზე, არასწორი და ზედაპირული იქნა. ამ საქმეზე დღეს დაკავებული იქნა დანაშაულის უშუალო აღმსრულებელი სისაური, პასუხისგებაში მიეცემა ალექსანდრე მუხაძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ვიქტორ ყაჭეიშვილი, ოლეგ ფაცაცია და ალექსი პერაშვილი, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში იმყოფებიან", - განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






