მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმის მთავარ მოწმესთან, გია გორგაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს, დაახლოებით 11 საათზე, მთავარ პროკურატურას დაუკავშირდნენ გია გორგაძის ოჯახის წევრები, რომლებმაც აცნობეს სამართალდამცავებს, რომ არ იცოდნენ სად იმყოფებოდა გია გორგაძე, რომელსაც გათიშული ჰქონდა მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონი და გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ იგი იყო გატაცებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარადავას მიმართ მიცემული მამხილებელი ჩვენების გამო და ითხოვდნენ დახმარებას.
აღნიშნული განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება გია გორგაძის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, საქმეზე დაუყონებლივ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დადგინდა გია გორგაძის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც იგი მიყვანილი იქნა საგამოძიებო ორგანოში დაკითხვისა და სათანადო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გია გორგაძე არის ერთ-ერთი დაზარალებული ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალდების საქმეში, სადაც მათ ბრალად ედებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამება.
ასევე, გვინდა განვმარტოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურა მუშაობს მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ვერსიაზეც, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც ფაქტს მოჰყვება სათანადო რეაგირება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის ექს-მინისტრის მეუღლის ინფორმაციით, გია გორგაძე პრესკონფერენციის გამართვას აპირებდა, რა დროსაც მასთან 10 სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირი მივიდა და გაიტაცა.
მასალის გამოყენების პირობები






