რას მოხმარდება და რის სანაცვლოდ მიიღო სომხურმა ეპარქიამ სახელმწიფო დაფინანსება
საზოგადოება - 13:33, 05 Feb, 2014     2022

"საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" საინფორმაციო ცენტრ "მიუთიუინ"-ს კითხვებზე პასუხობს სომხური წმინდა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ტერ ვაზგენ ეპისკოპოსი მირზახანიანი.

,,ნიუპოსტი” უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ ინტერვიუს.

რამდენიმე დღის წინ მთავრობამ, საბჭოთა ხელისუფლების დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით ოთხი რელიგიური დენომინაციის, მათ შორის სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაფინანსების შესახებ დადგენილება მიიღო. შემდეგ დღეს ეპარქიამ, მედიასაშუალებების მეშვეობით, აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულება გამოთქვა და ის დადებითად შეაფასა. თუ შეიძლება მოგვიყევით - რის სანაცვლოდ დააფინანსებს სახელმწიფო ეპარქიას და რა პირობებით?

- სიმართლე გითხრათ, დადგენილების შესახებ სრულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობთ. მედიით შევიტყვეთ, რომ სახელმწიფო ოთხი ტრადიციული აღმსარებლობის წარმომადგენლებს საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას გეგმავს და ამ მიზნით 4,5 მილიონ ლარს გამოყოფს. ხოლო რაც შეეხაბა იმას, თუ რა პირობებით გვაძლევენ ამ დაფინანსებას - ვიცით რომ ეპარქიის საქმიანობას უნდა მოხმარდეს და ამ საკითხში ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. თუმცა როდესაც სახელმწიფო მსგავს დაფინანსებას ახორციელებს, ეს როგორც წესი, გარკვეული სქემებით ხორციელდება. მაგალითად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია საბიუჯეტო დაფინანსებას წლების განმავლობაში იღებს და ამ სახსრებს როგორც წესი სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ პროგრამებზე და საკულტო შენობა-ნაგებობების შენახვა-რეაბილიტაციაზე ხარჯავს.

მიუხედავად იმისა რომ ჯერ-ჯერობით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობთ, სავარაუდოდ უკვე გიფიქრიათ - რაზე დახარჯავს ეპარქია ამ თანხას?

- სახსრები, ბუნებრივია უნდა მოხმარდნენ ეკლესიის საქმიანობაზე. ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ სამეურვეო საბჭო რომელიც გადაწყვეტს თუ რა მიმართულებით და რა მიზნების მისაღწევად უნდა დაიხარჯოს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახსრები. თანხა საშუალებას გვაძლევს საეკლესიო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია განვახორციელოდ, ეპარქიასთან არსებული საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრები შევინახოთ, ხელი შევუწყოთ სათვისტომოს ცხოვრების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ის სასულიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა რომელსაც ეპარქია ახორციელებს თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, წალკაში და საქართველოს სხვა რეგიონებში, უნდა იყოს შენარჩუნებული და გაგრძელებული.

ცნობილია, რომ ეკლესიას რამდენიმე ქვესტრუქტურა აქვს დაარსებული თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. მაგალითად თბილისში „ჰაიარტუნ“-ი, რამდენიმე თვის წინ საეკლესიო ცენტრი ნინოწმინდაშიც გაიხსნა... თუ არის ეს შესაძლებელი, ხომ ვერ გვიამბობდით - საკუთარი ქვესტრუქტურების შენახვაზე ყოველწლიურად რა ოდენობის თანხებს ხარჯავს ეპარქია და საიდან შოულობს ამ სახსრებს?

- ასე უცებ ზუსტი თანხის დასახელება გამიჭირდება. ერთს გეტყვით - ეს ბიუჯეტი ე.წ. „სანთლის გაყიდვებით“ შემოსული თანხებით არ ივსება. ჩვენი საქმიანობისთვის საჭირო თანხას ძირითადად ქველმოქმედების წყალობით ვიღებთ. გვყავს რამდენიმე მსხვილი ქველმოქმედი, ასევე ჩვეულებრივი ადამიანებიც გვწირავენ თანხებს. საგრძნობ დახმარებას სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებისგან ვიღებთ. სამი წლის განმავლობაში „გიულბეკიან“-ის ფონდი გვეხმარებოდა.

გამოდის, რომ თუ ახალი დადგენილების თანახმად სახელმწიფომ ეპარქიას ერთ მილიონ ლარს მაინც გამოუყოფს, ეკლესიის უმსხვილესი „ქველმოქმედი“ - საქართველოს სახელმწიფო იქნება?

- ასეც რომ იყოს, ძალიან კარგი იქნება. ამ შემთხვევაში ყველანი დავინახავთ რომ საქართველო ევროპული ქვეყნების გზას დაადგა. იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც სოციალისტური რეჟიმის შედეგად ეკლესიებს და ეროვნულ სათვისტომოებს ზიანი მიეყენა, მაგალითად რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, თანამედროვე ხელისუფლება დაზარალებულებს აფინანსებს. უფრო მეტად და უფრო თავისუფლად. მაგალითისთვის რუმინეთს მოვიყვან, სადაც სახელმწიფომ საკუთარი სახსრებით აღადგინა სომხური ეკლესიები და მონასტრები. სახელმწიფომ კერძო ქველმოქმედებს უფლებაც კი არ მისცა ეკლესიების აღდგენაში მონაწილეობა მიეღოთ.

დავუბრუნდეთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების თანხას. დაანგარიშებული გვაქვს - რა ოდენობის ზიანი მიეყენა ეპარქიას საბჭოთა კავშირის და შემდგომ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში? ხომ არ გამოვა ისე, რომ 1, 2 ან თუნდაც 50 მილიონის მიღებით ჩვენ სრულ რესტიტუციაზე უარის თქმას გვაიძულებენ?

- შეუძლებელია საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალი მატერიალურ სიბრყეზე გადავიყვანოთ. მთავრობის ახალი დადგენილება მხოლოდ და მხოლოდ იმ პოლიტიკის დასტურია რაც სახელმწიფოს აქვს რელიგიური თემების მიმართ. ფაქტობრივად ამ მიმართულებით, ეს გადადგმული პირველი კონკრეტული ნაბიჯია. აღნიშნულით სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების მიმართ საკუთარი მიდგომა გამოავლინა, რომელიც თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეყრდნობა.

ამ საკითხში განსაკუთრებით მისასალმებელი და სასიხარულოა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ის დადებითი პოზიცია, რომელიც საპატრიარქომ გააჟღერა. ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს ხელისუფლების და საპატრიარქოს სითბოსა და მეგობრულ განწყობას ჩვენს მიმართ, მაგრამ ის რაც აღნიშნული დადგენილების მიღებით და მის შემდეგ დავინახეთ, მეტად გვაიმედოვნებს, თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებსა და ჰორიზონტებს აჩენს.

რაც შეეხება ეპარქიის საკუთრების დაბრუნების საკითხს, თქვენთვის ცნობილია რომ გასული წლის 25 ნოემბერს შეიქმნა რელიგიურ საკითხებში სამთავრობო კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საკითხებსაც სწავლობს. კომისიას პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს. მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება და ისტორიული ძეგლების შენახვისა და ეპარქიისთვის მათი შემდგომი გადაცემის საკითხები აუცილებელია რომ ერთმანეთისგან განმიჯნული იყოს. ეს სხვადასხვა საკითხებია. ისტორიული ძეგლების დაბრუნების საკითხი ყოველთვის იყო ჩვენთვის პირველადი და ასეც დარჩება. წართმეული საკუთრების დაბრუნება -დიალოგის, ქრისტიანული ძმობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

ნახევარი წლის წინ, „მიუთიუნ“-თან საუბრისას აღნიშნეთ, რომ საეკლესიო შენობების დაბრუნების საკითხში გარკვეული წინსვლა არის მოსალოდნელი. ასევე აღნიშნეთ რომ ამ საკითხზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სპეციალური კომისია მუშაობს... ამის შემდეგ მოწმენი გავხდით რომ კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისია ზოგადად რელიგიურ საკითხებში სამთავრობო კომისიად გარდაიქმნა. რა ეტაპზე არის ეპარქიის კუთვნილი საეკლესიო შენობების დაბრუნების საკითხი და როდის არის მოსალოდნელი გარკვეული წინსვლა-გარღვევა? დღეს-დღეობით რა ურთიერთობებია ეპარქიასა და საპატრიარქოს შორის?

- სპეციალური სამთარვობო კომისია ნოემბრის ბოლოს ჩამოყალიბდა და უკვე დღეს ვხედავთ ამ კომისიის მუშაობის შედეგებს. ჩვენთვის ცნობილია რომ სურბ ნშანის ეკლესიის ეზოში მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების მიზანია მოსახლეობას შესთავაზონ სხვა საცხოვრებელ ფართობში გადასვლა, ბუნებრივია შესაბამისი კომპენსაციით, რომ შემდგომში ის ძველი სახლები-ქოხები რაც ეკლესიის გარშემო იყო აშენებული - დაინგრეს. თუ ეს შენობები არ დაინგრევა, ძალიან რთული იქნება აღნიშნული ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. რამდენადაც ვიცით მზგავსი მოლაპარაკებები მუღნეცოც სურბ გევორქისა და სურბ მინასის ეკლესიების გარშემო მცხოვრებ მოსახლეობასთანაც იმართება. ამგვარად თვით კომისიის შექმნა უკვე შეიძლება დადებითად ჩაითვალოს.

რაც შეეხება საპატრიარქოსთან ურთიერთობებს. ჩვენ შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო თბილი. დღითი-დღე ვრწმუნდებით რომ საპატრიარქო ჩვენში პარტნიორს ხედავს. ამას ჩვენ საპატრიარქოსთან ტეტ-ა-ტეტ შეხვედრების დროს ვამჩნევთ. არ არის გამორიცხული რომ ჩვენი ურთიერთობების ამგვარი „დათბობა“ რაღაც მხრივ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებასთან იყოს დაკავშირებული. თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ჩვენი დაფინანსება გადაწყვიტა - უაღრესად პოზიტიურია. საპატრიარქო და მთავრობა პოზიტიურად არიან განწყობილნი. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრი პოზიცია და რეკომენდაცია, დაკავშირებული რელიგიურ სფეროში არსებული საკითხების საბოლოო გადაჭრასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42