1 მარტიდან, გორის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები აღარ ექნებათ.
შემწეობის 45 ლარამდე გაზრდასთან ერთად, მათ კომუნალური გადასახადების გადახდა თავადვე მოუწევთ. ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს გორში სასტუმრო "ქართლის" შენობაში შესახლებული დაახლოებით 82 იძულებით გადაადგილებული ოჯახის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რასაც დღეს რამდენიმე მათგანის მხრიდან პროტესტიც მოჰყვა. დევნილებთან მისულ ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელებს იძულებით გადაადგილებული პირები ხმაურით შეხვდნენ. "ჩვენ გვინდა რომ ისევ გარკვეული სუბსიდიები გვქონდეს აქ 90 % უმუშევარი ხალხი ვცხოვრობთ, ჯერ ისედაც გაჭირვებაში სულ რაღაც 20 ლარით გაგვიზარდეს დევნილის დახმარება და სუბსიდია მოგვიხსნეს, ამით რა გამოვიდა? ეს მომატებული დახმარებაა?" - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი. აღნიშნულ პროტესტს ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენელი ასე პასუხობს: "წლების განმავლობაში იდგა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პრობლემა, კერძოდ, დევნილებს ზოგჯერ იმაზე მეტის გადახდა უწევდათ, ვიდრე ხარჯავდნენ, რაც ხშირად ხდებოდა მათი უკმაყოფილების მიზეზი. ამიერიდან კი ეს პრობლემა აღმოიფხვრება. თანაც შემწეობა მოიმატებს", - აცხადებს გვიმრაძე. აღსანიშნავია, რომ დევნილთა ნაწილი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას ემხრობა.
გიორგი ახალკაცი "ნიუპოსტი" გორი
მასალის გამოყენების პირობები






