„კარფურსა“ და „ნიკორაში“ დარღვევები აღმოჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის მე-16 კილომეტრზე, შპს “მაფ ჰიპერმარკეტ ჯორჯიას” ჰიპერმარკეტ “კარფურსა” და ნავთლუღის ქუჩაზე მდებარე “ნიკორა ტრეიდის” მაღაზიაში დარღვევებია აღმოჩენილი.
უწყების ცნობით, დახლებზე განთავსებულ სასურსათო პროდუქტებს – კონსერვებს, შესქელებულ რძეს, კარაქს, ნაღებს არ ჰქონდათ ქართული ეტიკეტი. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 741-ე მუხლის შესაბამისად, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორები 400 ლარით დაჯარიმდნენ. 2014 წლის პირველი იანვრიდან სურსათის ეტიკეტირება რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილებით ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ”.
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 741 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა 400 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარით.
მასალის გამოყენების პირობები






