საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, სპეციალური მიწვევით, სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალი სამუშაო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში გიორგი პაპუაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარეს დილ შპილმანს შეხვდა. მათ ისაუბრეს სასამართლოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორი სასამართლოს დაახლოებისთვის მნიშვნელოვანი იყო სტრასბურგის სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მოხსენიება და ციტირება. ეს დასტურია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების მაღალი სტანდარტის აღიარებისა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტის ზრდას.
სამომავლოდ იგეგმება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 პროტოკოლის რატიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოებს რეკომენდაციებისთვის მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს.
ა.წ. მაისიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადმოიბარებს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის თავმჯდომარეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით დილ შპილმანმა გიორგი პაპუაშვილისგან მიიღო წინადადება, მისთვის ხელსაყრელ დროს სამუშაო ვიზიტით ეწვიოს საქართველოს. ვიზიტი ხელს შეუწყობს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და სტრასბურგის სასამართლოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დღეს, 31 იანვარს დაესწრება კონფერენციას თემაზე „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია: სასამართლოს საერთო პასუხისმგებლობა“.
მასალის გამოყენების პირობები






