განათლების მინისტრი თამარ სანიკიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მანდატურის სამსახურის გაუმქბასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
მინისტრი პირობას დევს, რომ აღნიშნულ ფაქტს აუცილებლად გამოიკვლევს.
"თუ საუბარია იმ მუხლზე, რომელიც 2012 წლის ბოლოს ჩაიდო კანონში და ამოქმედდა და რომლის თანახმადაც, დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე და დანიშნავს და გაათავისუფლებს მანდატურს, ვერ ვხვდები ამაში რა სიახლე ან გაუგებრობა იყო და რატომ ნიშნავს ეს, რომ სამსახური უქმდება. ვფიქრობ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აუცილებლად გამოვიკვლევთ, თუ ამ ფაქტის უკან ვინმე პროვოკატორი დგას", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, მანდატურები თავის მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებენ და ვერც დირექტორი და ვერც სხვა მათი სამსახურის გაუქმებას ვერ გადაწყვეტენ.
"კანონი იმასაც განმარტავს, ვინ შეიძლება იყოს მანდატური, როგორი მომზადება და კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს მას, შესაბამისად, არსებული სიტუაცია ვერ შეიცვლება და ვერც ფუნქციები შეეცვლებათ. დირექტორი ხდება პროცესის თანამონაწილე, რომ გაიზიაროს ვალდებულება, რაც სკოლას, მანდატურის სამსახურს და განათლების სამინისტროს ერთობლივად გააჩნიათ და რაც არის "უსაფრთხო სკოლის" კონცეფციის განხორციელება. მსგავს პროვოკაციებს არავისგან მოვითმენთ. უკვე გაცემულია შესაბამისი დავალება და გაირკვევა, ვინ დგას ამ საქმის უკან, ვინ ახორციელებს ასეთ პროვოკაციას თანამშრომლებს შორის. ამ ამბის ასე დატოვება არ ღირს, ვინაიდან ეს არის იმ მანდატურების შეურაცხყოფა, ვინც თავის მოვალეობას დღემდე პირნათლად ასრულებს", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ
„მანდატურების სამსახურის“ გაუქმების შესახებ ინფორმაცია გუშინ სოციალური ქსელით გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები






