სექსუალური განათლების აუცილებლობა საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება. ამის მიზეზი მორალური თვითშეგნების განვითარებაა. მოზარდობის პერიოდში გოგონასა და ბიჭის სხეულიც ისეთივე მკვეთრი დოზით ფორმირდება, როგორი აქტივობითაც მათი ჰორმონები მუშაობს. სწორედ ამ დროს იწყებენ მოზარდები საკუთარ სასქესო ორგანოებზე დაკვირვებას, შესწავლასა და დაინტერესებას.
ყველა მშობელმა იცის საკუთარი შვილის სექსუალური ინტერესისა და მისწრაფების შესახებ. ისინი აანალიზებენ იმასაც, რომ მოზარდი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან აქტიურად აგროვებს და საუბრობს სექსზე თანატოლებში. მიუხედავად ამისა, თითქმის არც ერთი მშობელი არ უშვებს სექსუალური განათლების მიღების საჭიროებას. სინამდვილეში ,,სექსუალური არენა“ ყველაზე საინტერესო საკითხი თინეიჯერობის პერიოდშია. განათლების არ არსებობას მოზარდი ხშირად უარყოფით შედეგამდე მიჰყავს.
მიუხედავად განვითარებული ქვეყნების თავისუფლებისა და ხშირად, გახრწნილობისა, სექსუალური განათლება მაინც ტაბუდადებულია. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებში თითქმის მიუწვდომელია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, როგორ იქცევიან სკოლის პედაგოგები სექსუალურ თემასთან მიახლობებისას, როგორ უვლიან გვერდს ანატომიის წიგნში სასქესო ორგანოებზე საუბარს, როგორ პასუხობენ მოსწავლეების კითხვებს. . . ეს თითქოს მორალური ქცევა სინამდვილეში არაპროფესიონალური დამოკიდებულებაა.
მკაცრი საზოგადოებრივი აზრის არსებობის გამო მოზარდებს არ აქვთ ინფორმაცია არასასურველ ორსულობაზე, გარდატეხის პერიოდის ნიშან-თვისებებსა და გართულებებზე, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, კონტრაცეპციის კულტურაზე, აბორტის თაობაზე, სქესობრივ დაავადებებსა და სხვა მრავალ საკითხზე.
ამერიკელი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სექსუალური ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეების კარგად ცოდნის შემთხვევაში, მოზარდები უკეთ გააანალიზებენ, სჯობს თუ არა ინტიმური ცხოვრების ნაადრევი დაწყება. გარდა ამისა, ისინი დაფიქრდებიან საკუთარ ფიზიოლოგიაზე, პოტენციურ პარტნიორებსა და სქესობრივ კავშირზე. შესაბამისად, ფსიქოლოგებსა და სექსოლოგებს მიაჩნიათ, რომ კარგი განათლების საფუძველზე არასასურველი კავშირები რაოდენობრივად შემცირდება, ხოლო სექსუალური ცხოვრებით დაკავებული მოზარდები უფრო დაცულები იქნებიან.
მასალის გამოყენების პირობები






