დავით იაკობაშვილის ბიზნეს საქმიანობა და ბიოგრაფია ძალზედ საინტერესო დეტალებისგან შედგება. კერძოდ, მის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე იქნა განთავსებული. 2011 წელს კი რუსეთის ისტორიაში საკვები პროდუქტების სექტორში უმსხვილესი გარიგება შედგა. კომპანია Wimm-Bill-Dann-ი PepsiCO Inc-მა შეიძინა.
იაკობაშვილი გახლავთ ისეთი ცნობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი და ერთ-ერთი აქციონერი, როგორიცაა AFK SISTEMA, რომლის სტრუქტურაში არა ერთი მსხვილი კომპანია შედის, მათ შორის წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS და სანავთობო კორპორაცია Bashneft-ი.
ამავე დროს დავით იაკობაშვილი გახლავთ აშშ-რუსეთის ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი.
რაც შეეხება კომპანია გალფ-ს - 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე მის განვითარებაში 62 მილიონი ამერიკული დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 1300 აღემატება.
დავით იაკობაშვილი საქართველოში მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს: "მე წარმოშობით საქართველოდან ვარ. მე მწამს და მჯერა, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების პროცესში. ვაპირებ ინვესტიციების გაგრძელებას და ამ კონტექსტში ახალი პროექტების განხილვას. ასევე მსურს, არსებულთან ერთად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქველმოქმედო პროექტებში მივიღო მონაწილეობა", ამბობს ცნობილი ბიზნესმენი.
"გალფ ჯორჯიას" მენეჯმენტი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი ამჟამად არ ირიცხება "გალფ ჯორჯიას" აქციონერთა რიგებში. აქვე აღვიშნავთ, რომ "გალფის" მმართველი გუნდის ნაწილი, რომელიც შედგება ისრაელიდან ჩამოსული პროფესიონალებისგან, კომპანიის მენეჯმენტში რჩება", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






