საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ
პოზიცია - 14:56, 22 Jan, 2014     3306

საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ვრეცლი ინტერვიუ მოამზადა თურქულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ,,TRT“-მ.

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

წამყვანი: დღეს გვყავს მნიშვნელოვანი სტუმარი - საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ბატონი მარგველაშვილის პირველი სახელმწიფო ვიზიტი. პრეზიდენტის რანგში მისი პირველი, მაგრამ არაოფიციალური ვიზიტი შედგა ვილნიუსში. თურქეთში კი, ბატონი აბდულა გიულის მოწვევით, გაიმართა მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტი. საქართველოს პრეზიდენტი დღეს შეხვდა ბატონ აბდულა გიულის, პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჯემილ ჩიჩეკს; ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ჩვენ მასთან ერთად განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელთა შესახებ ჩვენს შეკითხვებს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს.

ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თურქულ არხზე.

გიორგი მარგველაშვილი: დიდი მადლობა, მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ძალიან სასიამოვნოა დღეს ანკარაში ყოფნა.

წამყვანი: ზოგადად, პირველი ვიზიტები სიმბოლურ ხასიათს ატარებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, პრეზიდენტების პირველ ვიზიტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობისთვის ამ ვიზიტს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს?

გიორგი მარგველაშვილი: რა თქმა უნდა! თურქეთში ვიზიტი განპირობებულია ბევრი ფაქტორით. უპირველეს ყოვლისა, იმ სამაგალითო ურთიერთობით, რომელიც რეგიონში ჩვენ და თურქეთმა ჩამოვაყალიბეთ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობა პოზიტივიდან მხოლოდ იზრდება. ეს არის ორმხრივი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, მაგრამ ამ ურთიერთობის შედეგები პოზიტიურია არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონითვის და მის ფარგლებს მიღმაც. ამას გარდა, თურქ ხალხთან გვაქვს ემოციური კავშირიც. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ვიზიტი რეგიონის ყველა ქვეყანაში, მაგრამ გვსურდა ხაზგასმით აღგვენიშნა ის სამაგალითო ურთიერთობა, რომელსაც მხოლოდ ზრდის პოტენციალი და მხოლოდ პოზიტივი აქვს მომავალში. გვსურდა ამისთვის მადლიერება გამოგვეხატა ჩვენი თურქი კოლეგებისა და თურქი ხალხის მიმართ.

წამყვანი: შეიძლება ეს როგორც გზავნილი ისე გავიგოთ? ანუ პრეზიდენტად არჩევისთანავე გაემგზავრეთ ლიტვაში, სადაც მოხდა ასოცირების ხელშერულების პარაფირება და შემდეგ ჩამობრძანდით თურქეთში. ეს არის საქართველოს სტრატეგიული არჩევანი?

გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია, ჩვენი ქვეყანა მთლიანად - არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ მთელი მოსახლეობა - გაერთიანებულია იმ ფაეულობების ირგვლივ, რომელსაც ჰქვია ევროპულ ერთა თანამეგობრობაში გაერთიანება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი ვილნიუსში, სადაც მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ეს ის მნიშვნელოვანი ორიენტირია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამავე კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვაგებთ ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად. რეალურად, ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ერთმანეთს ავსებს და კავკასიის რეგიონს ხდის უფრო მშვიდობიანს, ბევრად უფრო ორიენტირებულს წარმატებასა და ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებაზე, ეკონომიკურ და იმ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მარტო ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალურად, ევროპისა და აზიის მთელი კონტინენტისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ორივე ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისინი ავსებენ ერთმანეთს და არის ორიენტირებული ბევრად უკეთეს თანამშრომლობაზე ევროპასა და აზიას შორის.

წამყვანი: როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოსა და თურქეთს შორის სანიმუშო ურთიერთობაა და თითქმის არ არსებობს ამ ურთიერთობის პრობლემა არც სახელმწიფოებს, არც მთავრობებსა და არც ხალხს შორის. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამაზე უკეთესი ურთიერთობა, თუ საკმარისია ის დონე, რომელსაც უკვე მივაღწიეთ?

გიორგი მარგველაშვილი: თქვენს პრეზიდენტთან შეხვედრისას, სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება - უკეთესი ყოველთვის მოითხოვს სულ უფრო მეტს. ორივე ვთანხმდებოდით, რომ უკეთესი ფორმატი უფრო მეტი მუშაობისკენ გვიბიძგებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თურქული მხარის ინიციატივები ყოველთვის მიმართული იყო რეგიონის ერთიანი, წარმატებული ხედვისკენ. ის ორიენტირებული იყო პარტნიორების უფლებებისა და ინტერესების აღიარებაზე. ის აღიარებდა იმას, რომ ამ პროექტების, ამ ინიციატივების შედეგად მოეგო არა რომელიმე ერთ მხარეს, არამედ ყველას ერთდროულად და მეტიც, ამ წარმატებული პროექტების შედეგი უნდა ნახონ კიდეც სხვა ერებმა. ვფიქრობ, თურქი კოლეგების ეს მიდგომა, ეს ინიციატივა და ლიდერობა, რომელიც მათ აქვთ, არის უაღრესად მისაბაძი. ქართული სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ამ პროექტებს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მათი არსი არის ძალიან თანამედროვე, ისინი ორიენტირებულია ყველას წარმატებაზე. ჩვენ უდიდესი მონდომებითა და ყურადღებით ვართ ჩართული იმ ინიციატიცების განხორციელებაში, რომლებსაც მხოლოდ ზრდის პერსპექტივა აქვს.

ამასთან, ჩვენ ვხედავთ, რომ თურქეთის სახელმწიფო საგანგებო ყურადღებას უთმობს ჩვენს ინტერესებს, ჩვენს მშვიდობიან განვითარებას, მხარს უჭერს ჩვენი პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტას. ასე რომ, ამ ურთიერთობას მხოლოდ ზრდის პოზიტიური პერსპექტივა აქვს. ეს გამოჩნდა დღესაც - პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების დროს და თავი ვიგრძენი ისე, როგორც საკუთარ სახლში, მეგობრებს შორის. ეს იყო უაღრესად პოზიტიური და ემოციურად დატვირთული შეხვედრები.

წამყვანი: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თემები ვიზიტის განმავლობაში, თქვენი შეხვედრების დროს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან?

გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია, ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც ჩვენ მოვახდინეთ არსობრივი კონცენტრაცია. უპირველისად, ეს იყო გლობალური, ენერგეტიკული, სატრანსპოტრო პროექტები, რომლებსაც ასე წარმატებულად ვახორციელებთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს პროექტები უნდა გაძლიერდეს, უნდა განვითარდეს, გაღრმავდეს და გაგრძელდეს. ასევე შევთანხმდით იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თამამი, გახსნილი ახალი ინიციატივებისათვის. ამ ეკონომიკური პროექტების პარალელურად, ჩვენ განვიხილეთ ის პრობლემები, რომლებიც არის რეგიონში. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა ის საკითხია, რომელშიც ჩვენი თურქი კოლეგები აქტიურად გვიჭერენ მხარს. მე ხაზგასმით აღვნიშნე შეხვედრების დროსაც და ახალაც ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მადლობელი ვარ იმ სტაბილური და პრინციპული პოზიციისთვის, რომელიც თურქეთის სახელმწიფოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმმართებაში აქვს. ხაზგასმით აღვნიშნე ისიც, რომ პერსპექტივაში, ეს იძლევა ამ საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესაძლებლობას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები და, მნიშვნელოვანწილად, თურქეთი არის ასეთი პრინციპული, ასე გვიდგას მხარში ჩვენი ტერიტორიული საკითხების ირგვლივ. აი, ეს გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ეს პრობლემები გადაწყდება და რეგიონი კიდევ უფრო მშვიდობიანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებთან დაკავშირებით.

ასევე ვისაუბრეთ ძალიან საინტერესო და პოზიტიური, კულტურული გამოცდილების შესახებ, რასაც ახლაც ვნერგავთ ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად. ასევე ვილაპარაკეთ იმ პოლიტიკის თაობაზე, რომელსაც თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გეზს.

მე ხაზგასმით აღვნიშნე ის, რომ თურქეთი მხოლოდ დადებით პოტენციალს ხედავს ჩვენი განვითარების პერსპექტივაში. როდესაც ჩვენ ვვითარდებით სწორი გზით, როდესაც ჩვენი თავსუფალი არჩევანი ორიენტირებულია ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ, თურქეთი ამაში მხოლოდ დადებითს ხედავს.

ვისურვებდი, რომ ყველა ქვეყანა ასეთი გახსნილი პოზიციიდან აფასებდეს საქართველოს მომავალს და ამ მომავალში მხოლოდ შესაძლებლობებს ხედავდეს.

წამყვანი: თუ შეიძლება, საქართველოს შესახებ გვესაუბრეთ. კარგად ვიცი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე (ბევრ არჩევნებზე ვყოფილვარ), ბალკანეთის ქვეყნების გამოკლებით. უეჭველია, რომ ამ სივრცეზე ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო. ბოლო აჩევნებიც ძალიან დემოკრატიულად გაიმართა - პირადად ვიყავი ჩამოსული და ვადევნებდი თვალს. როგორ მოხდა ასეთი დემოკრატიული გარდაქმნა, რა არის ამის მიზეზი - ხალხი, პოლიტიკა თუ სხვა რამ? რატომ არის საქართველო უფრო წარმატებული დემოკრატიის თვალსაზრისით, ვიდრე სხვა ქვეყნები?

გიორგი მარგველაშვილი: უწინარესად, ამის მიზეზი არის ხალხი, რადგან ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი ცვლილება, რაც სრულად შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს, იყო ქართველი ხალხის ნება. ეს ნება ყველაზე კარგად გაიგო და შეასრულა ჩვენმა პოლიტიკურმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ და, უპირველესად, მისმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ზუსტად გაუგო ქართველ ხალხს, თუ რა ფორმით, როგორ მშვიდობიანად და თანამედროვე მეთოდებით გვსურდა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელება. ბუნებრივია, ეს ცვლილება მხოლოდ პოტენციალის შემცველია ჩვენთვის, რადგან ახლა ბევრად უფრო გახსნილი ვართ, როგორც მედიის, ისე ბიზნესისა და პოლიტიკური სისტემების თვალსაზრისით; არა მარტო ჩვენსავე ქვეყნის მოქალაქეებისათვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც. ეს არაერთხელ აღინიშნა ჩვენ მიერ ამ ძალიან თბილ შეხვედრებზე. საქართველო მზადაა, საქართველო ღიაა თანამშრომლობისთვის კულტურის, ბიზნესის თუ სხვა მიმართულებით. ეს გახსნილობა, უპირველესად, თურქეთისა და ჩვენი თურქი კოლეგების მიმართ ვლინდება.

წამყვანი: არჩევნებამდე თქვენ მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს თქვით, რომ საქართველო საქართველო აღარ არის საბჭოთა ქვეყანა - საქართველო უკვე ევროპული ქვეყანაა. მე კარგად მახსოვს ეს წინადადება. არჩევნების შემდეგ თქვენს დაპირებებთან დაკავშირებით... არსებობს თუ არა რაიმე ისეთი, რაც საქართველოს შემოაბრუნებს ევროპული გზიდან? პარაფირება უკრაინამაც მოახდინა, მაგრამ შეიცვალა ვითარება... საქართველოში თუ შეიძლება უკრაინის მსგავსი მოვლენების განვითარება?

გიორგი მარგველაშვილი: უპირველესად, სასიამოვნოა სტუმრად ყოფნა იმ ჟურნალისტთან, რომელიც საქართველოში ჩემთან ერთად მუშაობდა ყველაზე დრამატულ მომენტებში.

რეალურად, ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ საქართველოში ამ არჩევნების შედეგად მოხდა დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაცია. ეს უმნიშვნელოვანესია. ქართველმა ხალხმა დაიჯერა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას უნდა მოთხოვო კიდეც პასუხი და თუ არ მოგწონს, ის უნდა შეცვალო. რა თქმა უნდა, დემოკრატია ქართველ ხალხს სჭირდება თავისთვის და არა მხოლოდ იმისთვის, რომ აჩვენოს ეს ევროპას ან სხვა ქვეყნებს. ვილნიუსის სამიტი იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან იქ დაფიქსირდა და მატერიალიზირდა ის, რაც რეალურად მოხდა საქართველოში - ქართველი ხალხის სურვილმა მიიღო ფორმა. ბუნებრივია, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე გარკვეული დროა. ქართველი ხალხის ნებას აღარაფერი შეცვლის, რადგან ეს ნება ურყევია და არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანში გაერთიანებულია თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, არამედ - ხალხის. ეს ნება დღეს არ გამოვლენილა, ის კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი კულტურის ნაწილი იყო. შესაძლებელია, იყოს ხელის შემშლელი ფაქტორები, მაგალითად, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. თუმცა გვაქვს იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელ მსოფლიოში ძალიან მტკიცედ და მყარად დგანან საქართველოს არჩევანის გვერდით. ბუნებრივია, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რეალურ არჩევანს, საზოგადოების არჩევანს და მოვახდენთ ამ საერთაშორისო ინტერესის კონცენტრაციას საქართველოზე, რეალური არ იქნება საშიშროება, რომ ქართველი ერის ნებაზე რაიმენაირად მოხდეს ზეგავლენა. უპირველესად, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მრავალი საუკუნე უცხოვრია, უცხოვრია ამაყად და ყოველთვის, ურთულესი პოლიტიკური ვითარებებისა და ისტორიული კატაკლიზმების დროს გამოუხატავს საკუთარი არჩევანი.

წამყვანი: როგორ ფიქრობთ, რუსეთიც ვერ შეცვლის? თქვენ გახსოვთ პუტინის განცხადება დეკემბერში, მისი სომხეთში ვიზიტის დროს. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არათუ არ წავა კავკასიიდან, არამედ გაძლიერდება კიდეც. გასულ წელს უკრაინის მაგალითიც გვქონდა. როგორ მიგაჩნიათ, შესაძლებელია ქვეყანას ერთდროულად ჰქონდეს ევროპული მიმართულება და კარგი ურთიერთობა რუსეთთან?

გიორგი მარგველაშვილი: მთელ ევროპას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, შესაბამისად, შეიძლება იყო ევროპული ორიენტაციისა და გქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.

წამყანი: მაგრამ ევროპული ქვეყნები არ არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები?

გიორგი მარგველაშვილი: არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები. ბალტიის პირეთის ქვეყნები არიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნები. ჩვენ ვცდილობთ, რუს პოლიტიკოსებს ნათლად ვაჩვენოთ ის, რომ სტაბილური, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული საქართველო, დაცული საქართველო უფრო საინტერესოა რუსეთისათვის და ხელს უწყობს მის საგარეო ინტერესებს, ვიდრე დანაწევრებული და არეული საქართველო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ ჩვენ სრულიად რეალისტურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. ჩვენ გვესმის, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ამ ინტერესების გააზრება და მოსმენა შეიძლება მხოლოდ ერთი დაშვებით - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნას აღიარებული და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ეს არანაირად არ არის გამორიცხული. რუსეთის ინტერესებისთვის საინტერესო უნდა იყოს სტაბილური საქართველო და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, რაციონალური დიალოგის მეშვეობით, რუსული მხარე დაინახავს, რომ ტერიტორიულად მთლიანი საქართველო, რომელიც არის ევროპის პროცესის ნაწილი, ევროატლანტიკური პროცესის ნაწილი, მხოლოდ საინტერესოა მათთვის და არა პირიქით. ამ მიმართულებით ჩვენ არა მხოლოდ თეორიულად ვმუშაობთ, არამედ გადადგმულიც გვაქვს ქმედითი ნაბიჯები. ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს რუსეთთან უაღრესად მძიმე საკითხებზე საუბარი. ეს არის მძიმე ფორმატი, არის საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობენ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ფორმატი თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენ გვაქვს ასევე ახალი ფორმატი - პრაღის ფორმატი, სადაც ჩვენი საგანგებო წარმომადგენელი ესაუბრება რუს დიპლომატებს სწორედ იმ თემებზე, რომლებზეც შეგვიძლია შევთანხმდეთ. ეს არის ეკონომიკური საკითხები, კულტურული ურთიერთობები. ეს ფორმატი, ბუნებრივია, ბევრად უფრო წარმატებულ რეჟიმში მიმდინარეობს, მეტიც, ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის ემოციური ფონი, ის დაძაბულობა, რომელიც ბუნებრივად არსებობს, დეესკალაციას განიცდის. ამ დეესკალაციის ფონზე კი ნელ-ნელა დავიწყებთ საუბარს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიდეთ შექმნილი ვითარებიდან და მოვაგვაროთ წარმოშობილი პრობლემა, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, არავის არ აწყობს. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა ვთქვა: ტერიტორიულად გამთლიანებული, ეკონომიკურად ძლიერი და დაცული საქართველო არის რუსეთისთვის მხოლოდ საინტერესო და არა პირიქით.

წამყვანი: მე მაქვს ბევრი შეკითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ, მაგრამ ძალიან შეზღუდული ვართ დროში ამიტომ ბოლო შეკითხვას ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დაგისვამთ. რა დონით იქნება საქართველო ოლიმპიადაში წარმოდგენილი?

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს გუნდი წარმოდგენილი იქნება ოლიმპიადაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ოლიმპიურ მოძრაობას, ოლიმპიურ სულისკვეთებას და თუ რაიმენაირად მოვიაზრებთ ამ პროცესს, მხოლოდ პოზიტივის შემომტანად ერთა შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი გუნდი იქ წარმოდგენილი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი წარმატებულად იასპარეზებს და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოზიტიური, დადებითი და სიკეთეზე ორიენტირებული ემოციის შექმნისა.

წამყვანი: ძალიან დიპლომატიური და კარგი პასუხია, მაგრამ მე გეკითხებოდით პოლიტიკურ მონაწილეობაზე. თქვენ თუ დაესწრებით გახსნას და დახურვას?

გიორგი მარგველაშვილი: ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს შედარებით რთულია, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ თვითონ პროცესს ვუჭერთ მხარს, პატივს ვცემთ მას და, შესაბამისად, ქართული გუნდი და არა საქართველოს დელეგაცია იქნება წარმოდგენილი ოლიმპიადაზე. ვფიქრობ, ესეც გარკვეულწილად ეხმარება პროცესების დეესკალაციას და ნელ-ნელა შექმნის ფონს იმისთვის, რომ საკითხები განხილული იქნას უფრო მშვიდ და რაციონალურ კონტექსტში.

წამყვანი: ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, იმისათვის, რომ დრო გამოგვიყავით, შეგვხვდით და გაეცით პასუხები ჩვენს შეკითხვებს. დიდი მადლობა.

გიორგი მარგველაშვილი: პირიქით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ უაღრესად სასიამოვნო, ემოციურად დატვირთული და პოზიტიური იყო დღევანდელი დღე ჩემთვის და მთელი დელეგაციისათვის.

წამყვანი: დღეს გვყავდა ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან პატივცემული სტუმარი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელთან ერთადაც განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები ევროკავშირის, რუსეთის და სხვა მიმართულებით...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42