სამართალდამცველებმა სალიბაურისა და კაპრეშუმის რწმუნებულები დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიბო სამსახური ავრცელებს:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2014 წლის 21 იანვარს სამსახურებრივი სიყალბის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სოფლების, სალიბაურისა და კაპრეშუმის რწმუნებულები ლევან ცეცხლაძე და დავით თურმანიძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 10 500 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე უკანონოდ რეგისტრაციისათვის ყალბი ოფიციალური დოკუმენტები გასცეს, რითაც მოქალაქეები უკანონოდ დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 169 541 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე და 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






