ფილტვის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება ძირითადად ბრონქების ლორწოვანი ჯირკვლების ეპითელიუმისგან. ის ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ერთ-ერთი გავრცელებულია. ცნობლია, რომ მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან. ამ სახის სიმსივნით დაავადებულთა უმრავლესობა (დაახლოებით 90%) მწეველია, რადგან მისი განვითარების რისკი პირდაპირ კავშირშია დღის განმავლობაში მოწეულ თამბაქოს რაოდენობაზე.
გამოყოფენ ფილტვის კიბოს ორ ძირითად ტიპს: მცირეუჯრედოვან და არამცირეუჯრედოვანს. რაც უფრო მცირეუჯრედოვანია სიმსივნე, მით უფრო ავთვისებიანია ის. მცირეუჯრედოვან კიბოს ახასიათებს სწრაფი განვითარება, ლიმფურ კვანძებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში მეტასტაზირება. ამ სახის კიბოთი დაავადებულთა უმრავლესობა მწეველია. არამცირეუჯრედოვანი სიმსივნე გაცილებით სტაბილურია და მისი განკურნებას და პროგნოზირებაც გაცილებით მარტივია. სიმსივნე ორივე ფილტვში ერთნაირი სიხშირით წარმოიქმნება და აზიანებს მთავარ, სეგმენტურ და წვრილ ბრონქებს. სიმსივნე, რომელიც მთავარ და სეგმენტურ ბრონქებსაა მოდებული, ცენტრალურს უწოდებენ, ხოლო შედარებით წვრილ ბრონქებში არსებულ წარმონაქმნს პერიფერიულს.
ფილტვის კიბოს დამახასიათებელი სიმპტომები: ფილტვის კიბოს საწყის ეტაპზე ახასიათებს ხველა, სისხლიანი ნახველი, დაღლილობა, წონაში კლება და ტემპერატურის მატება. ცენტრალური კიბოს შემთხვევაში ვლინდება ბრონქების ობსტრუქციასთან დაკავშირებული სიმპტომები – ქოშინი, ხველა. პერიფერიული კიბო ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს უსიმპტომოდ და ვლინდება შემთხვევით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას. შორს წასულ შემთხვევებში პერიფერიული კიბოს სიმპტომებია ხველა, ტკივილი გულმკერდში. ფილტვის კიბოს ჰემატოგენური დისემინაციით შეიძლება დაზიანდეს ნებისმიერი ორგანო.
ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზები: მთავარი გამომწვევი მიზეზი სიგარეტია, თუმცა დაბინძურებული გარემო და რადიოაქტიური გამოსხივებები ასევე უწყობს ხელს ამ სახის სიმსივნის განვითარებას. დღესდღეობით სიმსივნის 10 შემთხვევიდან 9 თამბაქოს მოწევისგანაა გმაოწვეული.
როგორ იწვევს მოწევა ფილტვის კიბოს? მოწევა ახდენს იმ საჰაერო მილებში არსებული “თმების”, “ბუსუსების” დაზიანებას, რაც ორგანიზმში, სასუნთქი გზებიდან, ტოქსინების, ბაქტერიებისა და ვირუსების მოხვედრას უშლის ხელს.
ზოგადად ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბოს დადგენა რთულია, თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი სიმპტომები:
ქრონიკული ხველა
მკერდის ტკივილი, განსაკუთრებით ღრმა სუნთქვისას
სუნთქვის უკმარისობა
სისხლიანი ნახველი
დაღლილობა
ტემპერატურის მატება
ფილტვის კიბოს გამოკვლევა და მკურნალობა ამ დიაგნოზის დასასმელად, მედიკოსები პირველ რიგში, დასხივებასა და ნახველის გამოკვლევას მიმართავენ, შემდეგ კი ტარდება ბიოფსია, რაც ქსოვილის ნცირე ნაწილის მიკროსკოპულად გამოკვლევას მოიცავს. ფართოუჯრედოვანი კიბოს მკურნალობისთვის ქირურგიული ჩარევა ხშირად წარმატებულია. იკვეთება, როგორც ფილტვის დაავადებული ნაწილი, ასევე ხშირად მთლიანი ფილტვიც. მცირეუჯრედოვანი სიმსივნის დროს კი ქირურგიული ჩარევა ნაკლებად ეფექტუნარიანია, ასეთ დროს ონკოლოგები უპირატესობას ქიმიოთერაპიას ანიჭებენ.
მასალის გამოყენების პირობები