სად შეიძლება იყოს გამოსავალი? ,,სუფთა ფურცელი’’ თუ გზა დასავლეთისკენ
პოზიცია - 20:03, 24 Nov, 2012     2642
წარსულიც და უახლესი ისტორიაც და მაზოხისტური თვითკმაყოფილებით იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომებს’’- აღნიშნავს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი პოლიტიკური მიმომხილველი ზურაბ მჭედლიშვილი სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის’’ მომზადებულ თავის ანალიტიკურ წერილში.

 

რამდენიმე წლის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი დარიო მესთრეპიერი, რომელიც დიდი ხანია პრიმატთა, ანუ მაიმუნთა და მათ შორის, ადამიანის მსგავს მაიმუნთა ყოფასა და აზროვნებას იკვლევს, ფანტასტიკურ დასკვნამდე მივიდა. მის სამეცნიერო კვლევას ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების შემეცნებით-პოპულარულმა ტელე-არხმა  ,,Wild’’ სპეციალური გადაცემებიც კი მიუძღვნა. პროფესორი მთელი სერიოზულობითა და საოცარი ფაქტებით ამტკიცებს, რომ, მაგალითად, რეზუს მაკაკები ზუსტად ისევე იქცევიან, როგორც ავტორიტარულ რეჟიმთა პოლიტიკოსები და არამხოლოდ ისინი, საერთოდ, ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილიც. კერძოდ, მაკაკების ჯოგში მკაცრი იერარქია სუფევს; კარიერისთვის, ანუ ჯოგში პრივილიგირებული ადგილის მოსაპოვებლად  და ანგარიშგასაწევ წევრად დამკვიდრებისთვის, მაკაკები იყენებენ ადამიანებისთვის დამახასიათებელ მეთოდებს, - მოსყიდვას, ზეწოლას, ინტრიგას და თქვენ წარმოიდგინეთ, სექსსაც კი! ამასთან, მაკაკთა ჯოგის ბელადი მუქარისა და ტერორის საშუალებით  ქვეშევრდომებს ამყოფებს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ჰყავს მას თავისი ერთგული მაკაკებიც და განტევების ვაცებიც. არ დაიჯერებთ და ხდება თვით რევოლუციებიც კი, რის შედეგადაც მთლიანად იცვლება ჯოგის მმართველი ელიტა! მაგრამ, საკმარისია გამოჩნდეს გარეშე საშიში ძალა ( მტაცებელი ცხოველები), რომ მაკაკები უმალ ერთიანდებიან, ყველა ხდება პატრიოტი და იბრძვიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, სწორედ იმ ბელადის მეთაურობით, რომელიც საშიშროების მომენტისთვის დგას ჯოგის სათავეში!

 

არ ვიცი, რა ასოციაციას აღძრავს მკითხველში ზემოთქმული, მაგრამ პირადად მე ძალიან მაგონებს საქართველოს და საერთოდ,  სხვა ბევრი  ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრთა ბოლო ოცწლიანი ცხოვრების ფაქტებს და ისტორიულ წარსულსაც.

განსხვავება ის არის, რომ  საშიშროების დროს მაკაკები გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას იჩენენ საკუთარი მოდგმის გადასარჩენად, ვიდრე  პოლიტიკოსები...

 

...მეხამრიდის გამომგონებელმა ბენჯამენ ფრანკლინმა და სხვა დამფუძნებელმა მამებმა თომას ჯეფერსონის თავკაცობით, დამოუკიდებლობის დეკლარაციასა და განსაკუთრებით ამერიკის  შეერთებული  შტატების კონსტიტუციასა  და კანონებში იმთავითვე იმდენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ,,მეხამრიდი’’ ჩადეს, რომ პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანეს ქვეყნის სათავეში ბელადების, ტირანებისა და დიქტატორების მოსვლის შანსიც კი! დამფუძნებელმა მამებმა და მათმა პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა, ბუნებრივია, არაფერი იცოდნენ მაიმუნთა ცხოვრების წესის შესახებ, - ისინი შესანიშნავად იცნობდნენ მსოფლიოს ხალხთა ისტორიას და ადამიანის ბუნებას! შედეგად, შექმნეს უნიკალური და ურთულესი, მაგრამ იმავდროულად უაღრესად გამჭირვალე  საარჩევნო სისტემა, რამაც მკაცრად მოაწესრიგა შიდაპოლიტიკური ცხოვრებაც და დროთა განმავლობაში, ქვეყანა ზესახელმწიფოდ ჩამოაყალიბა!

 

საარჩევნო სისტემის შემუშავებისას ისინი ხელმძღვანელობდნენ პრინციპით: უნდა შექმნილიყო ერთგვარი ბუფერული ზონა პრეზიდენტსა და ხალხს შორის, რადგან შიშობდნენ, რომ ადრე თუ გვიან  ქვეყნის  სათავეში  შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მარგინალი და ნაძირალა  პოლიტიკანები, რომლებიც, როგორც არა ერთხელ მომხდარა მსოფლიო ისტორიაში (და ხდება დღესაც), დემაგოგიური დაპირებებით მოიხვეჭდნენ ხალხის მხარდაჭერას, ხელში ჩაიგდებდნენ ძალაუფლებას და შემდეგ ათას უბედურებას დაატეხდნენ თავს იმავე ხალხს! ამიტომაც შექმნეს ამომრჩევთა კოლეგია, რომლის წევრებიც, მოკლედ რომ ვთქვათ, მოქმედებენ როგორც ერთიანი გუნდი და იკრიბებიან ერთადერთხელ - საპრეზიდენტო არჩევნების დღეს. ასე რომ, ნულამდეა დასული მათით მანიპულირების შესაძლებლობაც კი!

 

საუბედუროდ  დიდი ისტორიული წარსულისა  და  კულტურის  მქონე საქართველომ (რომელთანაც  არც  ამერიკის  და  არც  სხვა  ბევრი  ქვეყნის ისტორია მოსაყვანადაც კი არ ღირს), მტაცებელი  მეზობლებისა  და  უწინარესად, შიდაგანხეთქილებების ,,წყალობით’’,  ვერა და ვერ შექმნა და ჩამოაყალიბა ერთიანი ძლიერი სახელმწიფო (დავითისა და თამარის პერიოდი გამონაკლისი გახლდათ), რომელიც გაუძლებდა ისტორიულ ქარტეხილებს, მოახდენდა ქართველი ხალხის კონსოლიდირებას და მეტ-ნაკლები დანაკარგებით ჩადგებოდა ცივილიზებულ ქვეყანათა რიგში!

 

ეს მით უფრო მტკივნეულია  ჩემთვის, როგორც ემიგრანტისთვის, რომლისთვისაც უფრო მძაფრად აღსაქმელია აქაური გადასახედიდან დანახული საქართველოს წარსულიც და დღევანდელი რეალობაც და ისიც, რომ წარსული არსად არ წასულა და უკვე მერამდენეჯერ მეორდება მოვლენები უფრო და უფრო უარესი სცენარით!

 

ბევრი რამ ავიწყდება ქართულ საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, წარსულიც და უახლესი ისტორიაც და მაზოხისტური თვითკმაყოფილებით იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომებს!

 

მცირე  ისტორიული  გადახვევა:

 

მერვე  და  მეცხრე  საუკუნეთა  საქართველოში არსებობდა ქართლის, ტაო კლარჯეთის, ეგრის-აფხაზეთის, კახეთ-ჰერეთისა  და თბილისის  საამიროს დამოუკიდებელი პოლიტიკური  ერთეულები, რომელთაც მეათე  საუკუნის დიდმა ქართველმა მოღვაწემ  გიორგი  მერჩულემ ეროვნული ერთიანობის ასეთი ფორმულა მოუძებნა: ,,ქართლად  ფრიადი  ქვეყანაი აღირიცხების,  რომელსაცა შინა  ქართულითა  ენითა  ჟამი  შეიწირვის და  ლოცვა ყოველი  აღესრულების’’! ცოტა  მოგვიანებით კი, დაიბადა ტერმინი - საქართველო, რომელიც ფეოდალური საქართველოს ეროვნული ცნობიერების მწვერვალად იქცა! ამ რწმენამ და გარჯამ, ეროვნული ცნობიერების გამთლიანებამ, - პოლიტიკური ცხოვრების სფეროში წარმოშვა დიდი საქართველო დავით აღმაშენებლითა და თამარით - ეკონომიკურ-კულტურულად დაწინაურებული და იმ დროისთვის უძლიერესი, სამხედრო თვალსაზრისითაც! მაგრამ იყო  პერიოდებიც, რომელსაც გულისმოწურვით ვიხსენებთ და უწინარესად -  მე-15  საუკუნეს, როცა ჯერ კიდევ პოლიტიკურად ერთიანი საქართველო დაშლა-დაქუცმაცების გზას დაადგა და ეროვნული ცნობიერებაც დაქვეითდა. არ ფიქრობდნენ მაშინ ვიწრო პოლიტიკური ამბიციებით შეპყრობილი ყვარყვარე  ათაბაგი,  შემადავლე  დადიანი  და  ბაგრატ იმერთა ერისთავი თავიანთი მოქმედების კატასტროფულ შედეგებზე, როცა ცეცხლით და მახვილით ებრძოდნენ მეფე გიორგი მეშვიდეს!

 

,,საქართველოს მესაფლავენი’’- ასეუ წოდა მათ აკადემიკოსმა ნიკობერძენიშვილმა. ამ სამეულმა ქვეყნის დაშლასა და ეროვნული ცნობიერების დასამარებას მაშინ მიჰყო ხელი, როცა ქვეყნის სამხრეთთ გამოჩნდა ძლიერი დამპყრობელი ოსმალეთის იმპერიის სახით. იქიდან მოყოლებული, საქართველო ვერა და ვეღარ გაერთიანდა და ასე დაშლილ-გაუბედურებული აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის ბრჭყალებში, საერთო ეროვნული ცნობიერება კი ისე დაეცა, რომ თვით მე-19 საუკუნეში აღმოათქმევინა დიდ ილია ჭავჭავაძეს: ,,რომ დაიძახო - ქართველოო, მხოლოდ ქართლის მკვიდრი, ანუ გორის მაზრაში მცხოვრები გამოიხედავს, ხოლო თუ გაჭირდა, იქნებ კახელმაც მოღრიცოს შენსკენ სხვილი კისერიო..!’’

 

ამიტომ, როცა ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებაზეა საუბარი, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, სწორედ საერთო ეროვნული ცნობიერების ამაღლებასა და გიორგი მერჩულესა და ილია ჭავჭავაძეზე, სხვა დიდ მამულიშვილებზე უნდა გააკეთოს ქართველობამ სწორება, რომელთა მემკვიდრეობის სწავლება-შემეცნება საუბედუროდ აღარ არის ისე აქტუალური საზოგადოებრიობისთვის (აღარ სცალიათ ამისთვის ), როგორც იმსახურებენ და მხოლოდ სასკოლო და საუნივერსიტეტო პრგრამებითღაა შემოსაზღვრული. სამწუხარო შედეგებიც სახეზე გვაქვს...

 

ბოლო ოცი წელიწადია კვლავ და კვლავ გვცდის ბედისწერა, რადგან გაუთავებლად დაყოფილ-დაქსაქსულნი ვართ პოლიტიკური და სოციალური, თვით კუთხური ნიშნითაც კი, და გვამოძრავებს გაუტანლობის, შურისა და შურისძიების მძაფრი ინსტიქტი და წყურვილი! სხვას ვერაფერს დავარქმევ გამსახურდიას დროიდან დღემდე მომხდარ ამბებს, რამაც დააქცია ქვეყანა და არც იმის ილუზია მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება შესძლებს საზოგადოების გაერთიანებას, თუ დროზე არ მოთოკა ქვენა გრძნობები. ვგულისხმობ იმას, რომ სამართალი სამართალად, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ახალი ხალისუფლების ბევრი წევრი და ქართული მედიის ნაწილი შურისძიებითა და ანგარიშსწორებითაა გამსჭვალული და ტკბება ამით. ეს კი, კარგს არაფერს უქადის საზოგადოებასა და ქვეყანას, და საკუთრივ მათაც!

 

არადა ეს მაშინ, როცა შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ უკვე ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი კარნახობს ხელისუფლებას, რა გააკეთოს და რა - არა.

ამიტომ, ქვეყნის კიდევ ერთხელ არევ-დარევა მხოლოდ დაანგრევს მიღწეულს (მიღწეული კი რომ ბევრია, ფაქტია და ბრმა უნდა იყო, ეს რომ არ  და ვერ დაინახო) და უკვე მერამდენედ მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს.

 

ხოლო, თუ დღევანდელ უმრავლესობას ჰგონია, რომ რუსეთს ხელი აქვს აღებული საქართველოს კიდევ უფრო დაქცევა-განადგურებაზე, ძალიანაც შემცდარან და შემცდარნი არიან დანაშაულებრივად!

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთო! რომელი ,,სუფთა  ფურცლიდან’’, როცა ამ ,,ფურცელს’’ და ,,ფურცლებს’’ ჯერაც არ შეშრობია ქართველთა სისხლი და ცრემლი?! ან იმ პოლიტიკოსებს და ზოგიერთ გამოცემას რა ვუწოდო, რომლებიც გაჰკივიან, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყოო  და მარაზმმორეულებივით ავიწყდებათ ( უფრო სწორად, ივიწყებენ) რუსეთის ანტიქართულ კაციჭამიურ პოლიტიკასა და პროპაგანდას, რომელსაცბოლოოცი  წელია აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ!

 

ამ პოლიტიკოსებს ისიც ,,ავიწყდებათ’’, რომ აფხაზეთის დაცემის შემდეგ (სად იყო მაშინ სააკაშვილი?), როცა შევარდნაძემ და მისმა ბანდიტურმა რეჟიმმა ჯაბა იოსელიანის თავკაცობით დსთ-ში შეგვათრია დ 1994 წლისმარტში ელცინთან გააფორმა ხელშეკრულება, რითაც  საზღვარი, ფაქტობრივად, მდინარე ენგურზე გადმოიტანა და რუსეთის ბაზები 25 წლით დააკანონა! რა მივიღეთ შედეგად? გული მოვულბეთ რუსებს, თუ 1998 წლის გალის რაიონის სისხლიანი მოვლენები, როცა ქართველობას მეორე ეთნოწმენდა მოუწყვეს და გამორეკეს იქიდან! გვიშველა მაშინ რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობებისარსებობამ? ხოლო, როცა იმავე შევარდნაძემ, (რომელიც თავის მემუარებში შავით თეთრზე წერს, რომ ელცინმა მომატყუაო), გეზი ნატოსკენ და ევროკავშირისკენ აიღო  და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებას მოჰკიდა ხელი, ორი ტერაქტი მოუწყვეს 1995 და 1998 წლებში, მესამე კი, 1999 წელს, აღარ დასცალდათ, რადგან დროულად გახსნეს ქართულმა სპეც-სამსახურებმა!

 

რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო საქართველოს განადგურებისთვის მიზანმიმართულად წარმოებული თანამედროვე, ,,დემოკრატიული’’ რუსეთის პოლიტიკიდან?!

უბედურება ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის პოულობდა საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკოსებში თავის დასაყრდენს. იმავე შევარდნაძემ, გადადგომის შემდეგ რადიო ,,ეხო  მოსკვისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა, რომ  1995-1999 წლების საქართველოს პარლამენტში 28 დეპუტატი პირდაპირ თანამშრომლობდა რუსეთის სპეც-სამსახურებთანო და მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც არა ჰყავთ რუსებს ჩასმული თავიანთი ე. წ. გავლენის აგენტები, ისევე როგორც ალბათ, ჰყავდათ  სააკაშვილის გუნდშიც!

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება უფრო მიმძაფრებს ამ ეჭვს!

 

საერთოდ კი, ვინ ოხერი იტყვის, რომ რუსეთთან არ გვაწყობს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებიო, მაგრამ სწორედ რუსეთს არ სურს ასეთი თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, არამედ სურს და იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო იყოს მისი ყურმოჭრილი ვასალი, სამუდამოდ დაივიწყოს ნატო და ევროკავშირი! ეს არის და ეს და სანამ პუტინი და მისი იმპერიალისტი იდეოლოგები იქნებიან კრემლში, ნებისმიერ ,,ფურცელს’’, სუფთასაც და სისხლით გაჟღენთილსაც, თავზე გადაგვახევენ ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, როგორც ეს აგვისტოს ომისას და შემდგომ პერიოდში გააკეთეს, როცა მიაფურთხეს თავისივე ხელმოწერილ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მაღიარებელ გაეროსა და ეუთოს რეზოლუციებს, ჩვენს ქვეყანას თავს დაესხნენ და დააქუცმაცეს!

 

 

ბატონ  ზურაბ აბაშიძის დანიშვნაში სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, რადგან იგი წლების მანძილზე გახლდათ საქართველოს ელჩი რუსეთში და გამოცდილი დიპლომატია, მაგრამ, ვიმეორებ, მე პირადად არ ველი რაიმე პოზიტიურ სიგნალს კრემლის მხრიდან. პირველი ე. წ. ,,პოზიტიური’’ სიგნალი ხომ გაისმა მოსკოვიდან, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, - მზად ვართ განვიხილოთ საქართველოს დსთ-ში დაბრუნების საკითხი, თუ თბილისიდან ასეთი თხოვნა იქნებაო!

 

ამაზე დიდ ცინიზმი და შეურაცხყოფა რაღა უნდა მოგვესმინა?

ანუ, ისევ ჩვენ უნდა ვეხვეწოთ, როგორც თავის დროზე შევარდნაძე, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ დსთ-ში შესვლით რუსები აფხაზეთს დაგვიბრუნებდნენ!

 

დღეს კი,  როცა პუტინს და დსთ-ში მის მოკავშირეებს გეზი აქვთ აღებული ე.წ. ევრაზიული კავშირის შექმნისკენ, სწორედ ნატოს საპირწონედ და, რის გამოც აღიარეს აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა შორსმიმავალი გეგმებისა და სტრატეგიის თანახმად, დავიჯერო, ვინმეს საქართველოს ახალ ხელისუფლებაში, აქვს თუნდაც მცირე იმედი, რომ რუსეთს უკან წააღებინებს ნამოქმედარს?! რუსეთი მხოლოდ დააკვირდება ივანიშვილისა და მისი მთავრობის ნაბიჯებს და თითსაც არ გაატოკებს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის! ხოლო, რა შედეგებს მოიტანს მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობები, რომლის აღდგენაც რუსეთის კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრისა და რომელსაც ამ ორგანიზაციაში საქართველოს წინა ხელისუფლებამ  გაუხსნა გზა ამერიკის მძლავრი ზეწოლის შედეგად.

ჩემი აზრით, ეს უფრო ,,ორთქლის გამოშვება’’ იქნება და საკუთარ მხარეს იმ ქართველების გადაბირების მცდელობაც, რომლებიც მასობრივად მიაწყდებიან რუსეთის ბაზარს და ბაზრებს! ხოლო, თუ კვლავ რაიმე არ მოეწონებათ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაში, ისევე გამორეკავენ ქართველებს უკან, როგორც ეს 2006  წელს გააკეთეს. არც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის შედეგიანობის პერსპექტივისა მჯერა პუტინის მმართველობის  ფონზე

 

 

სად შეიძლება იყოს გამოსავალი?

 

საერთაშორისო პოლიტიკური კლიმატის ძირეულ ცვლილებაში და უწინარესად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისადმი პოლიტიკის გამკაცრებაში.

მაგრამ, აგერ, ახლადარჩეული ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკისთვის რუსეთი არ არის პრიორიტეტული მიმართულება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონი არ აპირებს რუსეთთან სერიოზულ დიალოგს საჭირბოროტო საერთაშორისო პრობლემებზე და იმოქმედებს საკუთარი შეხედულებისამებრ  ან ნატოელ მოკავშირეებთან ერთად. შესაბამისად, არც რუსეთი დარჩება ვალში და უფრო ინტენსიურად გააგრძელებს სირიის, ირანისა და ახლო აღმოსავლეთის დიქტატორული და ტერორისტული ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას, უგულველჰყოფს საქართველოს საკითხებზე ნებისმიერ რაციონალურ წინადაებას საერთაშორისო ორგანიზაციებში და ა.შ.!

 

ახლახან, კონგრესის მიერ მიღებული ე.წ. მაგნიტსკის კანონიც, რომელიც უკრძალავს რუსეთის რიგ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ციხეში ამ იურისტის მკვლელობაში და საერთოდ ადამიანის უფლებების დარღვევაში, ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას და უყინავს მათ საბანკო ანგარიშებს, რასაც მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ობამა-კლინტონის მიერ ფართოდ აფიშირებულმა ,,გადატვირთვის’’ პოლიტიკამ ჭირი მოგვჭამა, მაგრამ რა იქნება მომავალში ობამას ადმინისტრაციის მმართველობისას, ძნელია დღეს რაიმეს კოკნკრეტულად თქმა.

ზემოთნახსენები მაგნიტსკის კანონიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობამ მიიღო, როცა დემოკრატთა ნაწილმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა!

საერთოდ  კი, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი შეცდომა  დაუშვეს რუსეთთან მიმართებაში. ეგონათ, რომ შესძლებდნენ ამ ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანას და ხელს ააღებინებდნენ იმპერიულ პოლიტიკაზე! ეს რომ უტოპია იყო, იმთავითვე ხედავდნენ ამერიკელი ანალიტიკოსები და აფრთხილებდნენ დასავლეთის ლიდერებს, თავი დაენებებინათ რუსეთის დაშოშმინებისა და რევერანსების პოლიტიკისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა დაიწყო და რაც გარკვეულწილად ახასიათებდა პრეზიდენტ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციასაც, აღარაფერს ვამბობ ევროპელ ლიდერებზე, რომლებიც პირში წყალჩაგუბებულნი შეჰყურებდნენ კრემლის აღვირახსნილ ავტორიტარულ საშინაო  და ბინძურ საგარეო პოლიტიკას!

 

ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული კავკასიისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის პროფესორი სვანთ კორნელი (და არა მარტო ის) პირდაპირ ადანაშაულებდა პრეზიდენტ კლინტონს იმაში, რომ მისი ადმინისტრაცია პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობდა რუსეთს, ელოლიავებოდა ელცინს და შედეგად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ამერიკის ინტერესების პოლიტიკის გატარებამ ათწლეულობით გადაიწიაო!

 

მისივე მტკიცებით, რუსეთმა არ მოუტანა ამ რეგიონებს მშვიდობა და სტაბილურობა, პირიქით, რაც საქართველოს სეპარატისტულ  რეგიონებში  მოხდა, პირდაპირი შედეგია გასულ წლებში დაშვებული რუსეთისადმი გაუმართლებელი კომპრომისებისა! რუსეთს მხოლოდ ძალისმიერი, ნათელი და არაორაზროვანი ენით საუბრისა ესმის და დროა, თეთრმა სახლმა და კონგრესმა პრეზიდენტ პუტინს და სახელმწიფო დუმას მიმართონ მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ენითა და პოზიციით, სულ ერთია ვინ იქნებიან ხელისუფლებაში - რესპუბლიკელები თუ  დემოკრატები და მკაცრად დააფიქსირონ, რომ იმავე საქართველოს დაშლისთვის წარმოებული პოლიტიკა, ამერიკის წინააღმდეგ არის მიმართულიო!

კორნელისა და სხვათა ანალოგიური განცხადებები აქტუალურია დღესაც, თუმცა რამდენად გაითვალისწინებს მას პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია, ძნელი სათქმელია.

 

ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ვიზიტის გადადებაც გაურკვეველი დროით, ბადებს კითხვებს და ვფიქრობ, ივანიშვილს ვაშინგტონში მაშინ მიიწვევენ, როცა 2013 წლის გაზაფხულზე მოსკოვში დაგეგმილი პრეზიდენტ ობამას ვიზიტი დასრულდება, ან შეიძლება აღნიშნული ვიზიტის წინ! მანამდე კი, ვაშინგტონი დააკვირდება ივანიშვილისა და მისი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და შესაბამის კორექტივებსაც შეიტანს მის მიმართ დამოკიდებულებაში, თუკი რაიმე გადაცდომებს ექნება ადგილი! მნიშვნელოვანი იქნება ისიც, თუ ერთის მხრივ, რამდენად უკომპრომისოდ დაუპირისპირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთს იმავე ნატოს გაფართოების საკითხში, და მეორეს მხრივ, როგორ განვითარდება მოვლენები ახლო და შუა აღმოსავლეთში.

ამიტომ, საქართველოს, რომელიც არანაირი პლაცდარმი არ იქნება ამერიკისთვის ირანთან ომის შემთხვევაში (მიკვირს ვინ ავრცელებს ასეთ ზღაპრებს) მოცდის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს და კარგი იქნება თუ,  როგორც ზემოთ აღვნიშნე, ახალი ხელისუფლება მშვიდად და ნერვიული სტრესების გარეშე დაიწყებს ხალხისთვის არჩევნებისას მიცემული დაპირებების შესრულებას და დაპირისპირების ახალ ტალღას არ ააგორებს საზოგადოებაში!

ხომ ბრძანა უკვე პრემიერმა ივანიშვილმა, რომ გადასახადების დაპირებული შემცირება თუ განახევრება არ გამოვაო, ვერ გავთვალეთო (!!!).

 

კიდევ  ბევრი დაპირებული რამ რომ არ გამოვიდეს და ვერ გათვალონ და გაწბილებული ხალხი ქუჩაში გაიჭრას საპროტესტო აქციებით, მაშინ?! მოხდება ის, რომ გაცილებით მკაცრად მოსთხოვენ ახალ ხელისუფლებას პასუხს მოტყუებისთვის, ვიდრე წინა მთავრობას, ეს ფაქტია და ვფიქრობ ,,ოცნებაში’’ არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ხედავენ ასეთ პერსპექტივასაც და იმედია, გამოიტანენ შესაბამის დასკვნას.

 

 

ზურაბ მჭედლიშვილი

ნიუ-იორკი

სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტისთვის’’





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42