თუკი მოგზაურობა, ღია სივრცეში ძილი, ბალახზე წოლა ან კარვით ხეტიალი გიზიდავთ, ჯობს, თან ყურის საცობი ატაროთ. ადამიანის ყური ბევრი საზიზღარი მწერისა და პარაზიტისთვის წარმოადგენს კომფორტულ საცხოვრებელს. მწერების ყურში არსებობა კი შეგრძნებითაც ისეთივე შემზარავია, როგორც – წარმოსადგენად.
დღევანდელ პოსტში იმ 5 უცნაურ შემთხვევას წარმოგიდგენთ, როდესაც ადამიანის ყურში ცოცხალი ან მკვდარი მწერები უპოვნიათ.
1. ავსტრალიელი ჰენდრიკ ჰელმერი ღამით ყურის არეში ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა და მიხვდა, რომ საკუთარ ორგანიზმში რომელიღაცა მწერი შემოიხიზნა, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, თუ ეს მწერი ტარაკანი იქნებოდა. ის ცდილობდა, ყური მტვერსასრუტით გამოეთავისუფლებინა, თუმცა ტექნიკის ძალა ტარაკნის შესასრუტად საკმარისი არ აღმოჩნდა. ჰელმერი იძულებული გახდა, ექიმისთვის მიემართა. ექიმმა იფიქრა, რომ პატარა მწერს ზეითუნის ზეთის ჩაწვეთებით მოკლავდა, თუმცა საქმე გაართულა. ტარაკნის სიჯიუტემ ექიმი აიძულა, მისი ამოყვანა პინცეტით გაერისკა. საბოლოოდ, ტარაკანი საკმაოდ დიდი ზომის აღმოჩნდა. ჰელმერს სწორედ ამ დიდი სხეულის ყურში ხეტიალი აწუხებდა.

2. ჩანგშას ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები გაოცდნენ, როდესაც მათთან ჩინელი ქალი ყურის ტკივილის ჩივილით მივიდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ქალბატონის ყურში შემძვრალი ობობა მასში 5 დღის განმავლობაში ცხოვრობდა. ობობის სიღმეში შესვლისა და კბენის თავიდან ასაცილებლად, ექიმებმა ხსნარის გამოყენება გადაწყვიტეს. მათმა გადაწყვეტილებამ გაამართლა კიდეც.

3. როშელ ჰერისი პერუდან ინგლისში მოგზაურობით კმაყოფილი დაბრუნდა, თუმცა სმენის დაქვეითება შეიამჩნია. ცოტა ხანში თავის ძლიერმა ტკივილმაც შეაწუხა და მალე ყურიდან უცნაური გამონადენიც შენიშნა. შეშინებულმა ქალბატონმა მაშინათვე ექიმს მიმართა. თავდაპირველად ექიმებს გამონადენი ინფექციის ბრალი ეგონათ, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ ინგლისელ ქალს ყურში ხორციმჭამელა მატლი შეუცოცდა. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ექიმებმა მატლების დიდი რაოდენობა ამოიყვანეს. საბედნიეროდ, მწერებმა ნერვული დაბოლოებებისა და სისხლძარღვების დაზიანება ვერ მოასწრეს, თუმცა რისკი საკმაოდ დიდი არსებობდა.
4. კოლორადოში მცხოვრები 12 წლის ბიჭიც ისევე შეაწუხა ყურის ტკივილმა, როგორც – ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანები. ექიმთან ვიზიტის შემდეგ მის ყურში ფარვანის არსებობდა გაირკვა. ბიჭი ტკივილებისგან იმდენად კიოდა და ტიროდა, რომ ექიმებს მწერის წვეთებით მოკვლა გაუჭირდათ. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, მათ ჩრჩილი პინცეტით ამოიღეს.
5. ალცჰეიმერით დაავადებული 92 წლის ქალბატონის ყურში ექიმებმა 57 მატლი აღმოაჩინეს. მატლების ეს რაოდენობა ექიმებისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან ქალბატონი შვილებს მოხუცებულთა ისეთ თავშესაფარში ჰყავდათ მიბარებული, სადაც თვეში 10 000 დოლარს იხდიდნენ. ოჯახის წევრებმა თავშესაფარს გულგრილობისა და უყურადღებობისთვის უჩივლეს. მედიკოსთა აზრით, ქალბატონის ყურში შემძვრალმა მატლმა სხვა მწერები კვერცხის დადებით გაამრავლა.
მასალის გამოყენების პირობები






