რადიო „მუზამ“ 2014 წლის 4 იანვრიდან მაუწყებლობა შეაჩერა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო მედია.ჯი ავრცელებს.
რადიოს მენეჯერის, შორენა კოპალეიშვილის განცხადებით, რადიომ თანამშრომლები ოფიციალურად 2013 წლის მაისში დაითხოვა და მას მერე მხოლოდ 5 თანამშრომლის ენთუზიაზმის ხარჯზე მაუწყებლობდა.
კოპალეიშვილი „მუზას“ მუშაობის შეწყვეტის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. როგორც ის ამბობს, რადიოს უკვე 1 წელია დამფინანსებელი აღარ ჰყავს და „მუზა“ აქამდე დანაზოგითა და ენთუზიაზმით არსებობდა, თუმცა ახლა იძულებულები გახდნენ მუშაობა შეეწყვიტათ.
„ჩვენ იძულებულები ვიყავით გაგვეთიშა რადიოს მაუწყებლობა და გადავედით სრულ ნონსტოპზე. ერთადერთი ვარიანტი რაც ჩვენ დაგვრჩა, არის ამ საკითხის უშუალოდ პრემიერ-მინისტრამდე მიტანა. ერთადერთი რადიო, რომელიც საზოგადოებაში კულტურის გავრცელებას ემსახურება, არ უნდა დაიხუროს“,- ამბობს შორენა კოპალეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






