ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მასთან დაკავშირებულ საწარმოებში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ნებისმიერი ადგილობრივი წარმოება გაცილებით ნაკლებმომგებიანია, ვიდრე სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის დისტრიბუცია. მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის ფულის შოვნაზე, ლაპარაკია რაღაცის შექმნაზე. „ზედაზენს“ იმიტომ ვაკეთებდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულმა გერმანელებმა, ავსტრიელებმა, ჩეხებმა იცოდნენ, რომ მეორეხარისხოვანი ხალხი არა ვართ და შეგვიძლია იმაზე უკეთესი ქარხნების გაკეთება, ვიდრე თავად აქვთ.
შარშან „ზედაზენი“ ერთ-ერთ საუკეთესო ქარხანად დასახელდა. წელს თებერვალშიც იქნება ნომინაცია და იმედი მაქვს სამეულში აუცილებლად ვიქნებით. დაათვალიერეთ და ნახავთ, რომ ეს ქარხანა მხოლოდ იმისთვის არ არის გაკეთებული, ვიღაცამ ფული იშოვოს. როცა ქარხანაში უნდა მუშაობდეს 140-150 კაცი , მუშაობს 400-ზე მეტი, როცა ქარხნის გარეთ უნდა მუშაობდეს 350 კაცი - მუშაობს 600 კაცი, აქ ცალსახად მომგებიანობაზე ვერ ვიმუშავებთ ისე, როგორც უცხოელი გააკეთებდა.
„ზედაზენში“ და „ბარამბოში“ ახალგორიდან, შიდა ქართლიდან დევნილი მოსახლეობა მუშაობს. ჩვენს ყველა წარმოებაში მომუშავეთა მინიმუმ ნახევარი დევნილები არიან. ჩვენს ადგილზე სხვა, ყველა თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებდა. მაგრამ, რა ვუყოთ, რომ იმ ადამიანებს პურის ფული არ ექნებათ?“, - წერს ცეზარ ჩოჩელი.
მასალის გამოყენების პირობები






