დღეს, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან დათხოვნილი თანამშრომლების - გიორგი ნოზაძის, ლევან ბუაძის, მადონა ღიბრაძის და სხვა პირების საქმეები განიხილეს.
სხდომაზე მოისმინეს როგორც პროკურატურის წარმომადგენლების, ასევე დათხოვნილი პროკურორების არგუმენტები.
კომისიის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად აგრეთვე ისაუბრეს დედაქალაქში უსახლკაროთა პრობლემების მოგვარებასა და სოციალური სახლების შექმნაზე.
„მერიის სოციალურ სამსახურთან ჩვენ გვქონდა დადგენილების პროექტის განხილვა, რომელიც სავარაუდოდ 31 იანვარს იქნება მიღებული. თბილისში ჩამოყალიბდება სოციალური სახლები, რომლებშიც იქნება არამხოლოდ ღამის გასათევი, არამედ ნორმალური სოციალური სახლები, სადაც უსახლკარო მოქალაქეები ბავშვებთან ერთად უსაფრთხოდ იცხოვრებენ. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში და დედაქალაქში ხალხი ცხოვრობს ქუჩაში, არის ეროვნული ტრაგედია და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, კახა კუკავამ.
სხდომას ცენტრალური ხელისუფლებიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






