გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია შეწყვიტეს.
ისინი დილის 10 საათიდან გორში ცენტრალურ მოედანზე ადმინისტრაციული შენობის წინ მთელი დღის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები.
500-ზე მეტი მოვაჭრე ქალაქის ცენტრიდან 20 იანვარს დაგეგმილ, ბაზრის ქალაქგარეთ გადატანას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ახლადაშენებულ ბაზარზე არ გადავიდოდნენ და საპროტესტოი აქციებს გააგრძელებენ. აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა:
მომიტინგეების გარკვეულმა ნაწილმა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა მათ შენობაში შესვლის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. გორის აგრარული ბაზრის საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 10 ადამიანითაა დაკომპლექტებული შიდა ქართლის გუბერნატორს, გორის მაჟორიტარ დეპუტატს, საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა და მათ დახმარება სთხოვა. შიდა ქართლის გუბერნატორი ,,ნიუპოსტთან" ამბობს: „მთავრობის პოზიცია არის ასეთი, უფლებებს ვერც კერძო მესაკუთრისას დავარღვევთ და ადამიანის უფლებებსაც დავიცავთ - მოვაჭრეებს ვგულისხმობ.
არსებულ ვითარებაში საჭიროა კონსტრუქციული თანამშრომლობა, დეტალურად გარკვეული პრეტენზიების და საკითხების გავლა და საერთო შეთანხმება. ამისთვის ეს ხალხი მზად არის. შევთანხმდით, რომ ჩამოყალიბდება, კონკრეტულ საკითხებში რა შეიძლება ამ ფონზე გაკეთდეს, კიდევ შევხვდებით და ვიმსჯელებთ ინვესტორებთან ერთად“.
ხელისუფლების ამ პოზიციის მიუხედავად, მოვაჭრეები ამბობენ:
„არანაირმა პასუხმა არ დაგვაკმაყოფილა, ჩვენ ფეხს არსად არ მოვიცვლით, სიცოცხლეს შევწირავთ და ბაზრიდან არ წავალთ. ხვალინდელ შეხვედრაზე მოვიყვან 4 წლის მცირეწლოვან შვილს, მარტოხელა მამა ვარ და კაბინეტში დავუსვამ გუბერნატორს. გამიზარდოს შვილი და წავალ ბაზრიდან, არ არის პრობლემა", - აცხადებს რამინ აბულაძე.
მთელი დღის განმავლობაძი გორის აგრარული ბაზარი პარალიზებული იყო, ბაზარში მისულ მოქალაქეებს ცარიელი დახლები დახვდათ.
ბაზრის მოვაჭრეებმა დახმარების თხოვნით ღია წერილი სოციალური ქსელის მეშვეობით ქვეყნის პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუგზავნეს.
გიორგი ახალკაცი, „ნიუპოსტი“, გორი.
მასალის გამოყენების პირობები






