ოპერისა და ბალეტის დასი დღეს რეპეტიციებს განაახლებს. შედეგად, 31 იანვრისათვის დაგეგმილი პრემიერაც გაიმართება.
აღნიშნული გადაწყვეტილება დასმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ჟორდანიამ თანამდებობა დატოვა.
გადაწყდა, რომ კულტურის სამინისტროსთან შეიქმნება სამხატვრო საბჭო, რომელიც დასის წევრებით დაკომპლექტდება. მის შემადგენლობაში კულტურის მინისტრის მოადგილეც იქნება.
სწორედ აღნიშნული საბჭო მიიღებს ოპერასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. უახლოეს პერიოდში არჩევნები გაიმართება და დასი სამხატვრო ხელმძღვანელს თავად აირჩევს.
„განახლდება რეპეტიციები, რაც შეჩერებული იყო, ამის დაშვების უფლება კი ჩვენ არ გვქონდა, ოპერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ოპერაში შევა აუდიტი, ეს არ იქნება ფინანსური საკითხების შემსწავლელი აუდიტი, ეს იქნება აუდიტი, რომელიც ამ შემოქმედებით პრობლემებს შეისწავლის. მე გადავწყვიტე ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლო ოპერის დასთან“, - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






