რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვისა და აკრძალვის რეჟიმები მოხსნილია.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი), სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ97) კი აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






