სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ და, შესაბამისად, არც ყოფილ მთავარ პროკურორთან შეხვედრა შემდგარა, მერაბიშვილის ადვოკატი ფარსს უწოდებს.
როგორც გიორგი ჩივიაშვილი ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ახალ დანაშაულს სჩადის და რეალობას მალავს:
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, ფარსი და შენიღბვა იმისა, რომ ვითომცდა არ მომხდარა დაწესებულებიდან გაყვანა. ვითხოდით, გამოძიების ჩატარებას. 3 კვირის შემდეგ დაიწყეს სამსახურეობრივი შემოწმება და დღეს გვითხრეს, რომ წაშლილია მასალა და თურმე 24 საათიან რეჟიმში იშლება.
ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენა, როდესაც რეალობას მალავენ. რამდენიმე დღეა ვამბობთ, რომ გამოვლენ და იტყვიან ჩანაწერები წაშლილიაო, დღეს ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ ამ მოკვლევაზე არაფერი ისმისო და საღამოს ვიგებთ, რომ მოკვლევა დასრულდა.
აბსურდის თეატრია, გახსოვთ, რომ სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მასალა 10 დღეში ავტომატურად იშლებაო, ახლა აღმოჩნდა, რომ მასალა მხოლოდ 24 საათი ინახება, ასევე გახსოვთ ბაჩო ახალაიას საკანში ჩაწერილი ვიდეომასალა, რომელიც გამოქვეყნდა და ითვლიდა რამოდენიმე თვეს, არსებობს სერვერები, სადაც ყველა მასლა ინახება დიდი ხნით, უბრალოდ როდესაც აწყობთ, არ ინახება,“- აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
ჩივიაშვილის განცხადებით, მერაბიშვილის დაცვის მხარეს არ შეუცვლია პოზიცია და ისევ ითხოვს, ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას:
„შეგნებულად არასწორად გაკეთებული დასკვნაა, ბევრი კითხვის ნიშანია, მოვითხოვთ გამოძიებას და თუ დადგინდა, რომ მასალა ხელოვნურად არის წაშლილი, მათ აიღეს პასუხისმგებლობა და ბუნებრივია მათ მოეთხოვებათ პასუხი,“- აცხადებს ჩივიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






