პოეტი დეფი გოგიბედაშვილი პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშრებით გაზეთ ,,პრაიმტამთან“ საკუთარ კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს:
,,პირველივე, რაც თავში მომივიდა, როცა ეპისტოლე წავიკითხე, იყო იესოს სიტყვები სახარებიდან, - მოუშვით ბავშვები ჩემთან, ვინაიდან მაგათნაირების არის ცათა სასუფეველი . თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ საკითხს, მაშინ მე კედელს ვაწყდები პატრიარქსა და ჩემს შორის ურთიერთობაში.
როდესაც პატრიარქი შობის დღეს ამბობს, როგორ იქნება ბედნიერი ის ოჯახი, სადაც ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი იბადებაო, მსგავსი მოსაზრებები ჩემთვის კიდევ უფრო დიდ კედელს აშენებს. ეს არის სერიოზული პრობლემა.
შემდეგ უკვე დავინახე და გავიგე, რომ ძალიან ბევრი ადამიანია გულნატკენი ამ სიტყვების გამო. თუკი ჩვენ ისევ რელიგიურ საწყისს შევხედავთ, მაშინ მსგავსი კითხვა არ უნდა გვიჩნდებოდეს, რადგან თუკი ღმერთი უშვებს, რომ ბავშვი გაჩნდეს, არამგონია ეს იყოს ადამიანის ცოდვა...
სიცოცხლე არ შეიძლება იყოს ცოდვა. მე ასე მწამს. საერთოდ, საქართველოში არის ტოტალური სიბნელე და აზროვნების კრიზისი. ადამიანებს სჯერავთ კერპთთაყვანისმცემლობის და სიბნელის და არა ნამდვილი ღმერთის, რომელიც ნამდვილ სიყვარულში ვლინდება.
რაც შეეხება კრიტიკას, ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი აქვს, ჩემთვის ამპარტავნობაა იმის თქმა, რომ არ შეიძლება, განსაჯო ეპისტოლე. ეკლესიის მხრიდან ისმის, რომ არ უნდა განსაჯო და ეს დაიხვიეს. ეკლესიას აქვს განსჯის სურვილი და ადამიანს, რომელსაც უნდა, რომ შვილი ჰყავდეს, ხმის ამოღების უფლებასაც არ უტოვებენ, ის უნდა იყოს ჩუმად, გულნატკენი.
სხვათშორის ისიც მნიშვნელოვანია, რაც ეპისტოლეზე გავიგეთ, რომ თურმე ეს ყოფილა ვიღაც შორენას დაწერილი. შემდეგ გავიგეთ რომ, თურმე პატრიარქს არც ჰქონია წაკითხული, ეს არის თვალში ნაცრის შეყრა.
არ შეიძლება 21 - ე საუკუნის მიღწევები არ აღიაროს ადამიანმა. მაშინ 21-ე საუკუნის ყველა იმ ტექნიკურ მიღწევაზე, სიმაღლეზე, რომელსაც ამ საუკუნის ადმაიანის ტვინი აღწევს, უარი უნდა ვთქვათ.
საკითხისადმი ასე მიდგომა, სწორედ აზროვნების კრიზისია, თურმე არის რაღაც ტაბუდადებული თემები, რომლის შეფასებისა და მასზე ხმის ამოღების უფლება ადამიანებს არ აქვთ. ამაზე ამბობს სწორედ ქრისტე, მე რომ დავდუმდე, სხვები დაიწყებენ ჩემს მაგივრად ღაღადსო.
თუ ჩვენ გვინდა ქრისტეს მივემსგავსოთ, სწორედ ამაზე უნდა ამოვიღოთ ხმა და კიდევ ბევრ სხვა რამეზეც. მაგრამ ამ დროს ისევ იმ დიდ კედელს ვაწყდებით, რომელიც დღითი დღე უფრო და უფრო მაღლდება ადამიანსა და სასულიერო სამყაროს შორის.
ადამიანს აქვს უფლება, თქვას ის, რაც უნდა, როგორც უნდა და სადაც უნდა. სხვა საკითია, მის ნათქვამს ვინ მიიღებს და ვინ-არა. როცა გვეუბნევიან, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ პატრიარქი, არამგონია ეს იყოს საღდ მოაზროვნე ადამიანის ნათქვამი 21 - ე საუკუნეში, სამყაროში, როცა ყველაფერი ღიაა და ადამიანები ხედავენ რა არის ტყუილი და რა მართალი.
მე იმ ადამიანებს ვეტყვი, ვინც ამბობს, რომ არ გვაქვს უფლება , აზრი გამოვთქვათ, ჯერ საკუთარ თავში ჩაიხედონ და დაფიქრდნენ, თავად აქვთ ასეთი რამის თქმის უფლება? სანამ საკუთარი თვალიდან დირეს არ ამოიღებ, სხვის თვალში ბეწვს ნუ ეძებ - ეს არის ციტატა სახარებიდან და ამაზე დაფიქრდნენ. სჯობია", - აღნიშნავს დეფი გოგიბედაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






