გაიარა ერთმა წელმა, რაც ქართველებმა ოცნებები ავიხდინეთ. გაიარა ერთმა წელმა, რაც ქართველობა დავიბრუნეთ. გაიარა ერთმა წელმა, რაც საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. გაიარა ერთმა წელმა, რაც ჩვენ სასიკეთო ცვლილებებს ველით.
ველით, მაგრამ სანამ ეს ცვლილებები ჩვენამდე მოაღწევს, იმედია მიქელ-გაბრიელი არ მოგვიკაკუნებს კარებზე. ერთი კია, ამ ერთ წელში გამოჩნდა, რომ ჩვენ თავად არ ვიცით, რას ველით და რა გვინდა. რატომ შევცვალეთ მთავრობა, მაგასაც ვერ მივხვდით.
მთავრობაში მოსულმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი მოახერხა, რომ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ აგორებული ყველა უარყოფითი მითი გააქარწყლა. თავად გაებნენ და დაიკარგნენ იმ ტყუილებში, რასაც ისინი უხვად გვაწვდიდნენ საქართველოს მოსახლეობას.
თურმე ენგურჰესი არ ყოფილა გაყიდული-არადა „ქართული ოცნება“ ყოველდღე ამას გვიჩიჩინებდა.
თურმე 1 ლარი არ მიდიოდა მიშას ჯიბეში, ყველაფერი მსოფლიო ბაზრის ბრალი ყოფილა-არადა „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები ყოველდღე ამას გაჰყვიროდნენ.
თურმე არავითარი შეკითხვები არ არსებობს რკინიგზის გარშემო-რომელიც ასე ჰქონდათ დახვეული ხელზე, როგორც საქართველოსთვის წამგებიანი.
თურმე საქართველოში 125 ათასი ჩინელი არ სახლდება, ეს პირიქით, საქართველოსთვის მომგებიანი პროექტიაო-არადა გვახსოვს, თუ როგორ აპელირებდნენ თბილისის ზღვასთან მშენებარე სოფელზე და იქ ჩასასახლებლად გამზადებულ 15 ათას ჩინელზე.
თურმე არ ყოფილა შესაძლებელი კომუნალური გადასახადების განახევრება-არადა „ქართული ოცნება“ იმით მანიპულირებდა, სამმაგ ფასს ვიხდით და სულ ნაცების ჯიბეში მიდისო.
თურმე... თურმე... თურმე...
ძალიან ბევრი „თურმეა“ დაგროვილი. და ამ „თურმე“-მ საქართველოს მოსახლეობაში რომ არ გამოიღვიძოს, საშიში თამაში დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ - ბევრი სანახაობა-ცოტა პური.
ამასობაში კი საქართველოშიც მარაზმი გრძელდება. ამასობაში კი ის, რასაც წინა მთავრობას არ ვპატიობდით, ამ მთავრობისთვის დასაშვები ყოფილა, თან ვამართლებთ - ისინიც (წინა მთავრობა) ამასვე არ აკეთებდნენო?
ხშირად კი ის მითი, რაც წინა მთავრობისთვის მოუგონიათ, დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უკვე სათავისო რეალობად აქციეს.
კი მაგრამ, თუ იგივე გრძელდება, რაც წინა მთვარობის დროს იყო, რაღა შეცვალეთ, ქართველებო? მარტო სახეები? და რომ დაუკვირდეთ ახალმოყვანილ სახეებს, ვერა? თუ არ გინდათ სიმართლეს შეხედოთ თვალებში, რადგან ახალი სახეები ისევ ის ძველი სახეებია.
არ უყვარს ქართველთა უმრავლესობას შეკითხვების დასმა, რადგან შემდეგ პასუხი უნდა ეძებონ, ამიტომაც იოლია, არ დასვა შეკითხვა და არც პასუხის ძებნისთვის მოგიწევს თავის შეწუხება, სხვის მიერ დასმულ შეკითხვას კი ჩვენ როგორც გვაძლევს ხელს, ისეთ პასუხს გავცემთ.
კითხვები კი ბევრია, რადგან: არ შეიძლება სამოქალაქო სექტორში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს მის მიერ სპეკულირებული ჟვანიას თემის საუბრისას არ დაუსვა შეკითვა - კი მაგრამ თავის დროზე რატომ დუმდით?
არ შეიძლება იგივე ბიძინა ივანიშვილს, ბადრი პატარკაციშვილის თემით სპეკულაციისას არ ჰკითხო-თავის დროზე რატომ არ დაუდექით მას გვერდით?
არ შეიძლება საქართველო დაადანაშაულო ომის დაწყებაში-ამით ხომ ლახავ საქართველოს უფლებას - აღადგინოს კონსტიტუციური წყობა სეპარატისტულ რეგიონებში?
არ შეიძლება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობა დაავალო ისეთ ადამიანს, რომელიც საქართველოს ძლიერებას ამ რეგიონების საქართველოს მხრიდან აღიარებაში ხედავს.
არ შეიძლება საქართველოს პრემიერმინისტრად ჰყავდეს ის პიროვნება, რომელმაც უამრავი დაპირების მიუხედავად, ვერ(არ) გამოიძია 9 თვის ბავშვის მკვლელობა.
არ შეიძლება შენ „მწამებელ“ ხელისუფლებას ებრძოდე, და რეალურად კი, ვინც ამ წამებას ახორციელებდა და ფირზე იღებდა, ის პიროვნება გმირად შერაცხო და მის აზრებს ითვალისწინებდე.
არ შეიძლება წინა მთავრობის ყველა თანამდებობის პირს პრიზმაში ატარებდე, მათ ცოდნაზე ქილიკობდე, და ამ დროს შესაბამისი დიპლომის არმქონე იუსტიციის მინისტრი გყავდეს.
არ შეიძლება, მთავარ ბრალმდებლად ყაჩაღობაში გარეული პიროვნება გყავდეს, მას ებღაუჭებოდე და ათეთრებდე.
არ შეიძლება სამოქალაქო სექტორში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი საქართველოს ხელისუფლების საქმეებში ერეოდეს და მთავარ პროკურორს ხსნიდეს.
არ შეიძლება, ქართველობის და ისტორიის წართმევაზე საუბრობდე და ამ დროს საყდრისის უნიკალური ძეგლი ფეხებზე დაიკიდო.
არ შეიძლება, ღვთისმსახურს იმაზე მეტად ეთაყვანებოდე, ვიდრე თავად ღმერთს, არ შეიძლება, სარწმუნოება გააიგივო საპატრიარქოსთან.
არ შეიძლება, აღდგენილ ბაგრატის ტაძარზე უკმაყოფილებას გამოთქვამდე და ამ დროს სვეტიცხოველის კედლიდან მომზირალ კონდეციონერებსა, ეკლესიებში დაყენებულ იატაკის გათბობასა თუ გამათბობლის დაყენებისთვის ტაძრის უნიკალური კარების განადგურებაზე სდუმდე.
არ შეიძლება ლარის ინფლაციით დაინტერესებული პირს, მთავრობის წევრი ვანგასთან ამისამართებდეს.
არ შეიძლება, მილიარდიანი დანაკლისი ბიუჯეტის შემდეგაც კი იმას ამტკიცებდე, რომ ეკონომიკა ვითარდება.
არ შეიძლება, ყოფილ შს მინისტრს ბრალი წაუყენო ქურდების ჩვენებების მიხედვით, ხოლო თავდაცვის მინისტრს ბრალი წაუყენოს ხელისგულზე შპარგალკადაწერილმა მოწმემ.
არ შეიძლება, არჩევნების წინადღეს ოპონენტი პარტიიდან გადმოსული პირები შეიკედლო, მათ პასუხისმგებლობაზე არაფერი არ თქვა და ამ დროს სისტემას ებრძოდე.
არ შეიძლება, 9 წელი თბილ სკამზე მომჯდარი პიროვნება, კვლავ თანამდებობაზე დანიშნო და ის სისტემის მსხვერპლად გაასაღო.
არ შეიძლება მიშას 400 ლარზე იქილიკო და ამ დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათასობით ლარი რესტორნებში ხარჯო.
არ შეიძლება ბიუჯეტიდან ასიათასლარიანი მანქანა შეიძინო და ეს ნაბიჯი იმით გაამართლო, თითქოს შენი წინამორბედის მანქანა სიგარეტის სუნითაა გაჟღენთილი.
არ შეიძლება ბავშვები დაწყევლო, თან ამავე დროს ამბობდე, ყველა ბავშვი ანგელოზიაო, რადგან ახალი სიცოცხლის-ანგელოზის დაბადება და შექმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს.
არ შეიძლება... არ შეიძლება... არ შეიძლება...
არ შეიძლება, მაგრამ ქართველთა უმეტესობა მაინც აგრძელებს ამ ყველაფერს, ეს კი უკვე მარაზმია.
ჰოდა, ყველას, ვინც ამ ყველაფერს ხედავს და აღიქვამს, გთავაზობთ, ჩამოყალიბდეს ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლაც რომ დიდ საქმეს გააკეთებს სამოქალაქო სექტორში, რადგან ყველამ ვნახეთ, თუ რა შედეგები გამოიღო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ, და იგივე არ დაემართოს სამოქალაქო სექტორსაც, რომელშიც ის გადავიდა.
ჰოდა, გთავაზობთ, შეეშვათ სოციალურ ქსელებზე მკერდზე მჯიღის კვრას და შევქმნათ ძალა, რომელიც არა მარტო ინტერნეტსივრცეში, არამედ უშუალოდ მოსახლეობის წინაშე იქნება პასუხისმგებელი.
გთავაზობთ გამოვიყენოთ ეს საშუალება, რომ იქნებ ამან მაინც დაგვანახოს გზა, სანამ ურემი გადაბრუნდება-თუ რა გავაკეთოთ.
იმედი მაქვს, რომ მხოლოდ მე მეჩვენება ყველაფერი ასე ნაცრისფრად (ასევე იმედი მაქვს, რომ ეს ნაცრისფერი არ ჩამუქდება), იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგადაა.
მე გაგიზიარეთ ის, რასაც ვხედავ. ვცდები?-მადლობა ღმერთს. მაგრამ თუ არ ვცდები? ამიტომ ვინც ასე ჩემსავით ფიქრობთ, ასე ჩემსავით ხედავთ, ასე ჩემსავით ხართ „დაბრმავებულები“ და ამ მთავრობის მიერ მოტანილ სიკეთეს ვერ ვხედავთ, იქნებ დავფიქრდეთ?
არ მაინტერესებს, ვინ ვისი ნათესავი ან მეგობარი ხართ, არ მაინტერესებს არც თქვენი წარმომავლობა თუ რელიგიური კუთვნილება, მთავარია რომ თქვენ ისევე გიყვარდეთ საქართველო, როგორც საკუთარი შვილი, რომელსაც ზრუნვა და გაფრთხილება უნდა.
მე ჩემი გითხარით, დანარჩენი თქვენზეა.
გიორგი-მათე შარაშენიძე, სპეციალურად "ნიუპოსტისთვის".
მასალის გამოყენების პირობები






