რეზონანსულ თემად იქცა მაია ასათიანის საავტორო თოქ-შოუ „პროფილის“ ერთ-ერთი საახალწლო გადაცემა. სადაც ასათიანმა უსახლკარო ჟანა ვახტანგიშვილს და მის მცირეწლოვან შვილს სამტრედიაში ბინა გადასცა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ვახტანგიშვილს საცხოვრებელი სახლი სამტრედიაში გადასცეს, ქალბატონმა კი აღნიშნულზე უარი განაცხადა. ასათიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვახრტანგიშვილმა უარი იმ მიზეზით თქვა, რომ „საახალწლოდ ვაკეში მათხოვრობით უფრო მეტ ფულს იშოვის, ვიდრე სამტრედიაში მუშაობით“. აღნიშნულ განცხადებაზე კი ჟანა ვახტანგიშვილი აცხადებს, რომ ასათიანის გამოხმაურებამ „გაამწარა“:
„ერთ-ერთმა კომპანიამ, როგორც უკვე იცით, სამტრედიაში ბინა მაჩუქა, რამაც ძალიან გამახარა. უტვინო არ ვარ, რომ ამხელა საჩუქარზე უარი მეთქვა. სახლის გასაღების გადმოცემისას, ჩემი ემოციები მთელმა საქართველომ იხილა. როდესაც გადაცემის ჩაწერა დამთავრდა, ვიკითხე, - ეს სახლი ტერიტორიულად სად არის-მეთქი? მითხრეს: სამტრედიაშიო. ცოტა არ იყოს, შევცბი. თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, აქ არის ჩემი ბუდე და ვიფიქრე, რომ იქ ძალიან გამიჭირდებოდა, თორემ იმ ბინის ნაცვლად უბრალო ქოხიც რომ მოეცათ, ჩემთვის ესეც შვება იქნებოდა, მაინც მადლობას გადავუხდიდი კეთილ ადამიანებს. ახლა კი რა ხდება - ზოგიერთი ძალიან გააღიზიანა იმ ინფორმაციამ, რომ თითქოს-და, სამტრედიაში ცხოვრება ვიუკადრისე. პირადად მე, ყველაზე მეტად ქალბატონი მაიას გამოხმაურებამ გამამწარა, თითქოს ვაკეში მათხოვრობა მირჩევნია სამტრედიაში ცხოვრებას“, - აღნიშნავს ვახტანგიშვილი.
მისივე თქმით, 20 წლის მანძილზე პირველად დაუშვა შეცდომა, როცა გადაცემა „პროფილში“ მივიდა:
„ამ 20 წლის განმავლობაში პირველად დავუშვი შცდომა, როცა გადაცემა ”პროფილში” მივედი. ამას ძალიან ვნანობ, იქ არ უნდა მივსულიყავი. რატომ? - გადაცემის გასვლის შემდეგ იმდენი ვინერვიულე, რომ იყო საშიშროება, მუცელი მომშლოდა. ასი წლის სიცოცხლე მომაკლდა.“, - აცხადებს ჟურნლ „გზასთან“ საუბრისას ჟანა ვახტანგიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






