პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში პატრიარქის ეპისტოლეში ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ ბავშვებთან დაკავშირებით არსებული განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბავშვებთან დაკავშირებით ეკლესიას უცხადესი პოზიცია აქვს. მისივე თქმით ბავშვები ამ ცოდვის მონაწილეები არ არიან. ისინი ღვთის შვილები არიან და მათ უნდა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით, მაგრამ ეპისტოლეში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიმძიმეს ატარებენ ეს ბავშვები:
“ბავშვებთან დაკავშირებით ეკლესიას უცხადესი პოზიცია აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები ამ ცოდვის მონაწილეები არ არიან. ისინი ღვთის შვილები არიან. მათ უნდა იცხოვრონ სრულფასოვანი ცხოვრებით, მაგრამ ეპისტოლეში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიმძიმეს ატარებენ ეს ბავშვები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სუროგატი, ბიოლოგიური დედების, ან იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც უკვეთს სუროგატ დედას, რომ გააჩინოს შვილი. რაში მდგომარეობს ეს სიმძიმე ბავშვისთვის – ქორწინება ღვთის მიერ ნაკურთხი უდიდესი საიდუმლოა.
ქორწინება გულისხმობს მეუღლეების სულიერ და ხორციელ ურთიერთობას, შვილები ბუნებრივი ნაყოფია მათი სიყვარულისა. ამ შვილების სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე უდიდესი პასუხისმგებლობა აქვთ მშობლებს. შვილი, რომელიც სუროგატი დედის მუცელშია, მის მიმართ არ არის გამოვლენილი არანაირი სიყვარული. მუცლადყოფნის პერიოდი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ამასთან დაკავშირებით რაიმე მსუბუქი აზრის ქონა დაუშვებელია. სუროგატობა ბუნებას ეწინააღმდეგება და რა თქმა უნდა, საწინააღმდეგო და მიუღებელი მართლმადიდებელი ზნეობისთვის, ეთიკისთვის.
ეს ასე ისწავლება. ყველა ბავშვი, რომელიც ბუნებრივი გზით მეუღლეთა მიერ, ანუ ცოლ-ქმრული კავშირით, ღვთის მიერ დადგენილი წესით და კურთხევით ევლინება ამ ქვეყანას, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, აქტი. ახალი ადამიანის დაბადება, რომელიც ღვთის ხატი და მსგავსია. სუროგატი დედის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ მდგომარეობასთან, როდესაც სუროგატ დედას ერთი სული აქვს, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად მოიშოროს ეს ბავშვი. ამ ბავშვის მიმართ მიმართულია უარყოფითი ენერგია. სუროგატი დედის მხრიდან ამ ბავშვისადმი არ არის სიყვარული, ანუ უსიყვარულობას ეს ბავშვი თავიდანვე განიცდის დედის წიაღში, ეს მისთვის დიდი ტრავმის შემცველია. საერთოდ ბავშვისთვის და დედისთვისაც დიდი რისკფაქტორების შემცველია და უდიდესი სიმძიმეა ბავშვისთვის ის, რომ სუროგატი დედის მუცელში ეს ბავშვი არ განიცდის სიყვარულს. ეს უსიყვარულობის და მისი მალე მოშორების პერიოდი ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე ძალიან მტკივნეულად აისახება. ეს არის ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება’’, - განაცხადა ზვიადაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






