პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია რაიმე სახის ძალადობა ნებისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა უმცირესობის წარმომადგენელი:
“ეკლესიისთვის მიუღებელია რაიმე სახის ძალადობა ნებისმიერ პიროვნებაზე, იქნება ეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი თუ რომელიმე სხვა უმცირესობის წარმომადგენელი. ეკლესიას ამგვარი დამოკიდებულება არავის მიმართ არ გააჩნია. სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა ის, რომ საეკლესიო ეთიკაში გაურკვევლობამ, ეკლესიის ბუნების არცოდნამ ძალიან ბევრ ადამიანს შეცდომის შესაძლებლობა მისცა.
ძალიან ბევრი ადამიანისათვის გამოიწვია დიდი შეცდომა, როცა შეფასებას ახდენს საეკლესიო სწავლებასთან დაკავშირებით. ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ამბობს იმას, რომ უკიდურესი ცოდვაა და ყველა ცოდვათა შორის უბილწესი და ღვთის განმამაწარებელ ცოდვათა შორის უმძიმესი ცოდვა, რაც ასე წერია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების განჩინებაში, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული კრებაა, რაც საქართველოში გამართულა და საერთოდ, მთელი ეკლესიის სწავლება, სულიწმინდისეული წმინდა წერილის სწავლება, ეკლესიის მამათა სწავლებანი, საეკლესიო კანონები, ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად განაჩინებს იმას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება, ერთსქესიანთა ურთიერთობა – ეს არის უკიდურესი ცოდვა, ეს არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჩვენგანმა, ეკლესიის რომელიმე წევრმა აღასრულოს რაიმე სახის ძალადობა.
ეკლესიისთვის ყოველთვის მიუღებელია ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი პიროვნება, არა შემცოდე პიროვნება. რა თქმა უნდა, როდესაც პიროვნება რაიმე ცოდვას სჩადის, ის ძალიან მძიმედ სცოდავს ღმერთის წინაშე და თუკი ის მიმართავს ეკლესიას, ეკლესიის მოვალეობაა, რომ დაეხმაროს ამ ადამიანებს, თვალი აუხილოს, შეაცნობინოს საკუთარი ცოდვის სიმძიმე და სინანულის მეშვეობით უწინამძღვროს მას”, - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.მასალის გამოყენების პირობები






