საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საპატრიარქოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინიციატივით, არასრულწლოვანთა N11 სპეციალური დაწესებულების მსჯავრდებულებს ალილოზე შეგროვილი ნივთები, ტკბილეული და თბილი ტანსაცმელი გადაეცათ.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად არასრულწლოვანთა დაწესებულებას დეკანოზი ავთანდილ მჭედლიანი ესტუმრა, რომელმაც მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა. დეკანოზმა დაწესებულების ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და მსჯავრდებულები დალოცა. ლოცვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირმა მსჯავრდებულებს ხატები და საეკლესიო ნივთებიც დაურიგა.
საჩუქრები გადაეცათ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებსაც.
ალილოზე შეგროვილი ნივთები პატიმრებს ბოლო რამდენიმე წელია აღარ მიუღიათ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით ეს ტრადიცია აღდგა და მომავალშიც გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






