რწმენის გარეშე ადამიანი იგივეა, როგორც მზე სხივების გარეშე. სარწმუნოების სწორი გაგება რჩეულთა ხვედრია. ალბათ ეს იყო უმთავრესი, სახარების სიტყვებით ,,მცირედნი რჩეულ"... რა უნდა ინატრო იმაზე მეტი, ვიდრე მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაა?!
თითქმის უმნიშვნელო და შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან მთავარი და სანატრელი. შორეული და მიუწვდომელი, გაუცნობიერებელი და აუცილებელი. სოლომონ ბრძენის მაგალითით, ღმერთს ,,გული გონიერი'' სთხოვა, რაც რწმენას, სიყვარულს, საკუთარი თავის შეცნობას, სიბრძნეს და საკუთარ თავზე ამაღლებას გულისხმობს.
დავფიქრდეთ და სულში ჩავიხედოთ, ნატვრის თვალი რომ გვქონდეს, რას ვინატრებდით?! ნატვრაში მაინც ვიყოთ გულწრფელები. ალბათ სახლებს, ავტომობილებს, აგარაკებს, სადღაც ბუნდოვნად სულის სიმშვიდესაც. ,,უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ცათა სასუფეველში". ,,ყვავილნი ველისანი" ჭკნებიან და ხმებიან. მიწის სქელი ფენით იმარხებიან და მათი არსებობა არავის ახსენდება. ასეთია დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანების მიტოვებული საფლავებიც, მაგრამ სხვაობა ისაა, რომ ცით მონაბერი სული ძრწის და მუდმივ მზრუნველობას ითხოვს.
აღორძინების ხანის უდიდესი მოქანდაკე-მიქელანჯელო, მის საოცარ ლექსებში არაერთხელ აღნიშნავს სულის შესახებ და ამბობს: ,,გარდაცვალების მერე რაც არ უნდა ვინანოთ, გვიანია და უკან ვერ მოვბრუნდებით"... ვეთანხმებით და შორს რომ არ გავიხედოთ, მარადცოცხალი სიტყვა-სახარება ყოველდღიურად გვახსენებს. არც ეკლესიურობა გვაკლია და არც სინანული. მარხვასაც ღირსეულად ვუმკლავდებით, წირვა-ლოცვაც, რაც არ უნდა ყინავდეს ტაძრებში, ჩვეულებად გვექცა.
მაშ რაში ვცდებით და რატომ დავშორდით, ჩვენთვის უამრავჯერ ჯვარცმულ იესოს.
თანამედროვე მორწმუნე ადამიანის განსაკუთრებული ცდომილება მდგომარეობს იმაში, რომ თავად არის საკუთარი თავის მოძღვარი და მაშინაც თავს ატყუებს.
მარხულობს, მაგრამ არასწორად, ლოცულობს, მაგრამ საშიშად, ეზიარება , მაგრამ უღირსად, რადგან ამ ყველაფერს სიყვარულის გარეშე აკეთებს.
სიყვარულის მოძღვარი პავლე ბრძანებს-,,უკეთუ სიყვარული არა მაქუნდეს, არა რამე ვარ"... ხშირად მინახავს ადამიანები, ვისაც არაერთხელ უთქვამს, ნატვრის თვალი რომ მქონდეს, გამიჭირდება სამი სურვილის დასახელებაო.
არადა, ნატვრის თვალი მაინც არ გვაქვს სანატრელი. იგი ბეთლემის ,,ნიჟარაში'' იშვა და სამზე მეტ სურვის გვისრულებს, ოღონდ თავად უნდა შევძლოთ საკუთარ თავში ჩამოყალილება. უფალზე მინდობა უნდა ვისწავლოთ და ნატვრაც არ დაგვჭირდება, უთქმელად მოგვცემს იმას, რაც ჩვენთვის აუცილებელია.
ადამიანის სულიერ მდგომარეობას ლოცვის ორგვარი ფორმა განსაზღვრავს-მეზვერის და ფარისევლის. ჩავუღრმავდეთ ორივეს და მივხვდებით, რომელი უფრო ვართ.
საკუთარ თავზე აუგის და მოგონილი ცოდვების თქმა სულაც არ ნიშნავს სინანულს. სინანული მაშინ იქნება, როცა იგივეს სხვა ამბობდეს ჩვენზე და თავმდაბლობით არა მხოლოდ მოვისმინოთ, არამედ გავითვალისწინოთ.
ზიარების რიგში დგომა, სულაც არ ნიშნავს ეზიარო ქრისტეს უხრწნელ სისხლს და ხორცს, თუ გულში უამრავი ადამიანის მიმართ შური და ბოღმა, სიძულვილი და განკითხვა, ამპარტავნება და მრისხანება, ძაფის გორგალივით ჩახვეულა.
მოწყალების გაცემა სულაც არ ნიშნავს მიკერძოებულად ადამიანების დახმარებას თუ იგივე უცხოსთვის, ქუჩაში შენთვის უცნობი მათხოვრისთვისაც არ გემეტება.
ადამიანის სტატუსი და მდგომარეობა არ არის ცხონების გარანტი. ამის კლასიკური მაგალითი სახარებისეული იგავია, მოწყალე სამარიტელზე. წაქცეულს შეიძლება მეგობარმა გულგრილად ჩაგიაროს, მაგრამ უცხომ წამოგაყენოს და უახლოეს ქსენონამდე მიგიყვანოს.
თავად განსაჯეთ, ვინ არის მეგობარი. არც ის ვარგა, როცა ადამიანებს თავდადებულად ემსახურები, მაგრამ უმნიშვნელო გაბრაზების შემთხვევაშიც კი დაუღალავად შეგიძლია დააყვედრო. გაიხსენეთ სულხან-საბას იგავი, ორმოში ჩავარდნილზე. ამ ყველაფერს კი სულის სიმშვიდე არ მოაქვს და ჩვენი ეკლესიურობაც მოჩვენებებს და აჩრდილებს ემსგავსება.
რაც არ უნდა ვილოცოთ, ღმერთი არ შეისმენს, რადგან ,,რჯულის აღსრულება'' სიყვარულია.
ამდენი ,,ღვაწლის" მერეც თუ არ აგვიხდა სურვილები, ღმერთს არა, საკუთარ არასწორ ეკლესიურობას დავაბრალოთ და ნუგეშიც სვიმონ კვირინელივით გზაში შეგვეხიდება. ამინ!..
მამა პეტრე (კვარაცხელია)
მასალის გამოყენების პირობები






