კომპანია RMG Gold საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საყდრისის საბადოზე არსებული რესურსების ათვისების აკრძალვის შემთხვევაში, კომპანია RMG Gold ფუნქციონირებას შეწყვეტს. „ნიუპოსტი“ გავრცელებულ განცხადება უცვლელად გთავაზობთ:
"საყდრისის საბადოზე კომპანიის მიერ განხორციელებულ სამთო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კომპანია აცხადებს:
საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების განხორციელების უფლება კომპანიამ ჯერ კიდევ 2013 წლის 8 აგვისტოს მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის N03/130 ბრძანების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ეს სამუშაოები არ დააზიანებდა ან დაზიანების საფრთხეს არ შეუქმნიდა არქეოლოგიურ ობიექტს.
2013 წლის 26 სექტემბერს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართულ სამუშაო თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული მუზეუმის, მეცნიერებათა აკადემისა და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ასევე კულტურის სამინისტროსთან არსებული კომისიის ექსპერტები, ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ, რომ კომპანიას შეუძლია ტერიტორიის საბოლოო არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად აწარმოოს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები.
2013 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში განხორციელდა საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის სრული საველე არქეოლოგიური შესწავლა, ხოლო მეცნიერებათა აკადემიის კომისიამ განახორციელა ამ შესწავლის მონიტორინგი. შესრულებული სამუშაოების ანგარიში გადაეგზავნათ კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს.
2013 წლის 3 დეკემბერს მეცნიერებათა აკადემიამ შესრულებული სამუშაოების ანგარიშზე და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე კულტურის სამინისტროში გადააგზავნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საყდრისის ტერიტორიაზე, როგორც ბორცვის ზედაპირის მთელ პერიმეტრზე, ასევე თანამედროვე გვირაბებში არსებულ ღრმულებში კულტურული ფენები, ან რაიმე ახალი არტეფაქტი არ დაფიქსირებულა, რაიმე ახალი გარემოება არ გამოვლენილა. ცნობისათვის, იგივე შედეგით დამთავრდა ქართულ-გერმანული არქეოლოგთა ჯგუფის ექსპედიცია 2013 წლის სექტემბერში, რაც ასახულია მათივე ანგარიშში.
დღეის მდგომარეობით საყდრისის ტერიტორიას მოხსნილი აქვს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსი, "ეროვნული მნიშვნელობის" კატეგორია და არქეოლოგიური დაცვის ზონა. ამდენად, ეს ტერიტორია ისეთივე სტატუსის მქონეა, როგორიც საბადოს დანარჩენი ტერიტორია. თუ გავითვალისწინებთ ბოლო შესწავლების შედეგებს, აშკარაა, რომ ტერიტორიაზე რაიმე ღირებული არტეფაქტის დაზიანების საფრთხე პრაქტიკულად გამორიცხულია. თუმცა, კომპანია აცნობიერებს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწის სამუშაოების პროცესში ნებისმიერი არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამუშაოები და განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები.
კომპანიას მიაჩნია, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი გამოწვეულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემის დაგვიანებით, რისი მიზეზიც ჩვენთვის უცნობია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის 2013 წლის 9 დეკემბრის ოქმი და ამ ოქმის საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მიერ არქეოლოგიური სამუშაოების მიღების შესახებ 2013 წლის 9 დეკემბერს გამოცემული ბრძანება (N2/185) ადასტურებს, რომ განხორციელებული კვლევის ფორმატთან, მეთოდოლოგიასთან და შედეგებთან დაკავშირებით ზემოხსენებულ კომისიასა და სააგენტოს შენიშვნები არ გააჩნია. თუ ამას დავუმატებთ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ განხორციელებული მონიტორინგის დასკვნასა და ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე მიღებულ საკანონმდებლო აქტებს, აშკარა ხდება, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სრული საკანონმდებლო საფუძველი და არგუმენტაცია გააჩნდა იმისათვის, რომ ყველა დოკუმენტის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში ან არაუგვიანეს 2013 წლის 27 დეკემბრისათვის, მიეცა კომპანიისათვის შესწავლილი ტერიტორიის საწარმოო ათვისების უფლება.
ვაცხადებთ, რომ კომპანია RMG არ გასცდება კანონით დადგენილი ნორმების და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან წინასწარ შეთანხმებული ქმედებების ჩარჩოებს. საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობაზეა. თუ ზემოთაღწერილი გარემოებების მიუხედავად მიზანშეწონილად ჩაითვლება, რომ კომპანიას აეკრძალოს საყდრისის საბადოზე არსებული რესურსების ათვისება, კომპანია იძულებული იქნება შეწყვიტოს ფუნქციონირება და იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ამგვარი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შედეგებზე", _ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






