საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი უკანასკნელი დღეების რეზონანსულ თემასთან, "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.
„ნიუპოსტთან“ საუბრისას ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება:
„მე ვთვლი, რომ ეს აჟიოტაჟი სრულებით უსაფუძვლოა. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით, პირველ რიგში არავინ არ იცის რას ნიშნავს ტერმინი „კანონიერი ქურდი“, თუმცა არც ის ვიცი ვინ წამოწია ეს აჟიოტაჟი და რატომ. არ ვთვლი, რომ რაიმე პოზიცია უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ ამ კანონის მხრივ. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაც „კანონიერ ქურდობასთან“ ძალიან მკაცრი იქნება. ჩვენ ვემხრობით, რომ ეს კანონი უფრო მკაცრი იყოს, მაგრამ ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს იმისას, რომ რაიმე ნორმა შეიცვალოს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა "ნიუპოსტთან" სასჯელაღსრულების სამინისტროს იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, სადაც სუბარის უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კანონიერ ქურდებთან კავშირში ამხილა.
„ვერ გავაკეთებ კომენტარს სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაზე, მაგრამ მე როგორც ვიცი მიხეილ სააკაშვილს კანონიერ ქურდებთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, სამინისტრომ ალბათ უკეთ იცის და ამიტომაც გაავრცელა განცხადება. არ ვიცი ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ მე ციხეში ვიჯექი, არავითარი შეხება არ მქონია კანონიერ ქურდებთან არასდროს“, - განმარტა ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრებისთვის მიცემული შენიშვნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ კრიტიკა ჯანსაღი სამუშაო გარემოს თანმდევი მოვლენაა:
„არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან, დეპუტატმა მთავრობის სხდომასა და მთავრობის მუშაობაზე კომენტარი გააკეთოს. მინისტრებისთვის მიცემულ შენიშვნებში არაფერი საგანგაშო არ არის, ეს ჩვეულებრივი, სამუშაო გარემოა. ვერ ჩავერევი მათ მუშოაბაში, მაგრამ ჯანსაღ სამუშაო გარემოში ერთმანეთის შენიშვნები მისაღები უნდა იყოს“, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






